“ტალახიანი მზიურის თაობა” – ქართული ერთიანობის მაგალითი
წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა – სტიქიამ 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი ნიაღვარს ემსხვერპლა, დანარჩენებმა კი ვოლიერებს თავი დააღწიეს და ქალაქში გაიქცნენ. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. დედაქალაქი მალევე მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში და 13 ივნისის ერთგვარ სიმბოლოდ გმირთა მოედანზე მოსეირნე ბეჰემოთი ბეგი იქცა.
მოვარდნილმა ნიაღვარმა იმსხვერპლა ახალგაზრდების სიცოცხლე: დები ზარანდიები, ივლიტა ჯიბუტი, სერგი კაპანაძე…და სხვები – ეს ის ადამიანები არიან, ვისთვისაც 13 ივნისის საღამო საბედისწერო აღმოჩნდა.
2015 წლის 13 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. დღე, რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა. თუმცა, ადიდებულმა მდინარე ვერემ ხუთი წლის წინ ათასობით ახალგაზრდა დააყენა გვერდიგვერდ და ეს დღე ქართველი მოხალისეების ერთიანობის სიმბოლოდაც აქცია.
13-მა ივნისმა დაგვანახა, თუ როგორი სუსტია ადამიანი ბუნების წინაშე, თუმცა ამ უბედურებამ შეკრა ქართველი ერი ისე, როგორც არასდროს- ერთიანი და ძლიერი თაობა, “ტალახიანი მზიურის თაობა”, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობდნენ ქალაქის დასუფთავებას და ეძებდნენ დაკარგულებს.
13 ივნისის ღამეს სოციალური ქსელითა და მედიის საშუალებით გავრცელებულმა კადრებმა წყალდიდობით დაზარალებულ ტერიტორიებზე არაერთ ადამიანს მოუყარა თავი. მომდევნო დღიდან მათი ერთსულოვნება ნამდვილ სამოქალაქო მოძრაობად იქცა. ჯერ შიშველი ხელებით, შემდეგ კი უკვე ნიჩბებითა და ხელთათმანებით შეიარაღებულმა ახალგაზრდებმა დატბორილი, მიწამიყრილი ტერიტორიების გაწმენდა დაიწყეს. იმ დღეებში თბილისის ქუჩებში მრავლად შეხვდებოდით მუხლებამდე ტალახიან ახალგაზრდებს. თუკი მოქალაქეთა ნაწილი სტიქიის ზონაში ფიზიკურად შრომობდა, მეორე ნაწილი მათ საკვებითა და წყლით ამარაგებდა, დაღლილ ახალგაზრდებს კი ტაქსები უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ.
იყო მომენტი, როდესაც „მზიურის“ ტერიტორიაზე დაშავებული, ფეხმოტეხილი ბიჭი ცალ ფეხზე დაყრდნობილი იდგა მოხალისეთა ცოცხალ ჯაჭვში და გაწმენდით სამუშაოებში მუშაობას აგრძელებდა. სწორედ ამ დღეებში თბილისის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო არა მხოლოდ მძიმე სტიქიის, არამედ ქართველ მოხალისეთა ერთიანობის გამო.