გურული მიჯნურობა ანუ კომედიად ქცეული დრამა – 1891 წლის ჩანაწერიდან
ეს სახალისო ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოს განვითარებულა – მართალია, გურული წყვილის “ვეფხისტყაოსნურად” დაწყებულმა სიყვარულის ამბავმა გზად ცოტა შექსპირისკენ იცვალა გეზი – თუმცა, გურული რომეოსა და ჯულიეტას ისტორია დრამის ნაცვლად, კომედიით დამთავრდა.
“გურია: ამ დღეებში გურიის ერთობაში კინაღამ ერთი დიდი უბედურება არ დატრიალდა და, რა-კი ღმერთმა გვიშველა და უბედურება აღარ მოხდა, მას შემდეგ ამ ამბის გამო დიდი მითქმა-მოთქმა ტრიალებს. აი, თითონ ეს ამბავი:
ერთს იქაურს ახალგაზრდა უცოლო კაცს შეჰყვარებია ერთი ახალ-გაზდა, მაგრამ ქმრიანი ქალი, რომელიც მიჯნურისაგან ნასროლს ვარდსა და იას გულ-ღიად შეხვედრია და ამ გვარად ხვარაზმშს სისხლის დაუღვრელად და ქაჯეთის ციხის აუღებლად მათ შორის დარეჯან-ტარიელობა ადვილად გაჩაღებულა.
დიდხანს ყოფილა ეს მიჯნურობა დაფარული, მაგრამ ერთს ვიღაც ბოროტს სულს ყოველივე ეს გაუგია და შეჰშურებია. ამ შურის გამო, თუ ვინ იცის, რა ანგარიშით, დარეჯნისაგან ტარიელისადმი მიწერილი სამიჯნურო წერილები მოუპარავს და ერთს ღამეს, როცა დარეჯანის ქმარს გულ-არხეინად სძინებია, შეუმტვრევია ფანჯრის მინა და ეს წერილებიც შიგ შეუგდია და, რასაკვირველია, თითონ მიმალულა.
ისარი ისროლა, შვილდი დამალა და ახლა სეირის ყურებასღა ელოდებოდა.
სეირმაც არ დააგვიანა.
რაღა თქმა უნდა, ცოლის ერთგულებაზე დარწმუნებული ქმარი ამ ღალატის გამოაშკარავებას და საქვეყნოდ თავის მოჭრას გულ-გრილად ვერ მიეგებებოდა და ცოლს მადლობას არ ეტყოდა ღალატის სამაგიეროდ.
სხვის საქათმეში კვერცხის მდებარი ჭრელი დედალი, გურამიშვილის სიტყვებით რომ ვსთქვათ, ქმარმა გააბიაბრუა.
ეს ტარიელმა შეიტყო და საყვარლის დამცირება იმის გულმა ვერ აიტანა.
ამას გარდა, ყველასგან საყვედური გაიგონა, რომ ამ უსიამოვნების მიზეზი შენა ხარო.
ახლად თვალ-გაჭყეტილმა სინიდისმაც ამ გვარადვე ამხილა და უბრალო ტარიელი ლომ-ტარიელად გადაიქცა. ხოლო ქაჯეთს-კი არ გამგზავრებულა საყვარლის გამოსახსნელად, არა, ეხლანდელი მიჯნურები ამას ვერ ახერხებენ, საიქიოს გამგზავრება გადასწყვიტა და ამ აზრით საწამლავი მიიღო. ხოლო სანამ ამას იქმოდა, ყოველივე ეს საყვარელს შეატყობინა.
საყვარელმა, როგორც მოსალოდნელი იყო, შეიბრალა მისთვის თავ-განწირული მიჯნური და იმასაც აეშალა საიქაოს გამგზავრების საღერღელი; სადაც ხელ-შემშლელნი არავინ ეყოლებოდათ.
ამ ნაირად, რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ერთსა და იმავე ღამეს, ერთსა და იმავე დროს ერთმაც საწამლავი დალია და მეორემაც. მეორე დღეს ერთსაც ცოცხალს მიუსწრეს და მეორესაც, ერთიც გადაარჩინეს სიკვდილს და მეორეც.
ამ გვარად დრამად მომზადებული ამბავი კომედიად დათავდა და კომედია კიდევ იმითი, რომ არც ერთს გმირს საზოგადოებამ მოწონების ტაში არ დაუკრა და, ჩემის აზრით, არც ღირსნი არიან“.
წყარო: მადათოვი