ოჯახური იერარქია და ცხოვრების წესი მე-19 საუკუნის საქართველოში 

როგორი იყო ოჯახური ცხოვრება მე-19 საუნის საქართველოში, რა უფლებები და მოვალეობები ჰქონდა ოჯახის თითოეულ წევრს, როგორ ნაწილდებოდა საერთო შემოსავალი და ვინ წინაშე იყვნენ ოჯახის წევრები ანგარიშვალდებულნი – ეთნოგრაფ ნიკოლოზ აბაზაძის (1863-1931)  ჩანაწერიდან : 

,,დიდი ქართული ოჯახი შენარჩუნებულია ქრისტიანებში და აქაც ბოლო დღეებს ითვლის. ოჯახი აერთიანებს სისხლით ნათესავებს, ოჯახის წევრებს, თუმცა არსებობს შვილად აყვანაც. თანამედროვე ოჯახში ზოგჯერ ცხოვრობს სიძე, რომელიც მიღებულია როგორც ვაჟიშვილი. ოჯახის წევრების რიცხვი აღწევს 30, 50-დან 100-მდე.

ოჯახი იყოფა ორ ნაწილად – ქალის და კაცის. თითოეული მხრიდან ირჩევა ერთი უფროსი კაცი. ის საზოგადოებაში ოჯახის წარმომადგენელად არის მიჩნეული. ხოლო ქალებიდან ირჩევა უფროსი ქალი, რომელიც საშინაო საქმეებს უძღვება, ზრუნავს სახლში წესრიგზე. ისინი ირჩევიან პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ასაკსა და გარეგნობას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. არჩეულის გადაყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ის ბოროტად გამოიყენებს თავის უფლება-მოვალეობებს. არჩეულს უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს ოჯახის ყველა წევრი. არჩევნების შემდეგ ოჯახი არჩეულის სახელს ატარებს.

მთელი ქონება ითვლება ოჯახის საკუთრებად, ხოლო გამონაკლისია მზითვები. ის ეკუთვნის ქალს და მასში ჩარევის უფლება არც ქმარს აქვს და არც ოჯახის დანარჩენ წევრებს. მაგრამ თუ მზითვებში არის პირუტყვი, მაშინ მისი ნახევარი სარგებელი ეკუთვნის ქალს, ხოლო ნახევარი ოჯახის დანარჩენ წევრებს. ქალებს ეკუთვნით ასევე სამასწავლებლო, სააღმზრდელო ფული (საოსტატო). თუ ქალი მოსწავლედ იყვანს ბავშვს სხვა ოჯახიდან, ის იღებს კუთვნილ ანაზღაურებას მოსწავლის ოჯახიდან.

საოჯახო სამართლიანობისათვის, ოჯახში მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებები რიგრიგობით კმაყოფილდება. მაგალითად, როდესაც ოჯახის ერთი წევრი მიიღებს (შეიძენს) კაბას, შემდეგში კაბის მიღებამდე (შეძენამდე) ოჯახის დანარჩენმა წევრებმაც უნდა მიიღონ (შეიძინონ). მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება ახალი კაბის მიღება. ოჯახის წევრები დადიან საეკლესიო დღესასწაულებზეც. ოჯახის თავი ოჯახის თითოეულ წევრზე ანაწილებს კუთვნილ მოვალეობას. ყოველი საქმიანობიდან შემოსული თანხა ოჯახის სალაროში შედის. ის იხარჯება საოჯახო მოთხოვნილებების მიხედვით. ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ოჯახის თავი ეთათბირება დანარჩენ ოჯახის წევრებს. ოჯახის თავია წარმოდგენილი, როგორც სასამართლოში, ასევე ეკლესიაში, საზოგადოებაში და სახელმწიფოს წინაშე. სასამართლო ძალაუფლება მას ოჯახის დანარჩენ წევრებზე არ აქვს.

ფროს ქალს საშინაო საქმეების მოწესრიგება ევალება, სახლის საქმეების განაწილება ქალებს შორის. მისი მოვალეობაა მათ საქციელზე დაკვირვება. საოჯახო სალაროზე ხელი მასაც მიუწვდება, რადგან ის უზრუნველჰყოფს პროდუქტების მომარაგებას, ასევე აკონტროლებს სამზარეულოს. მისი მეთვალყურეობის ქვეშაა ოჯახის საყოლიებლების, შინაური ფრინველების და წვრილფეხა პირუტყვის მოვლაზე მეთვალყურეობა. ასევე მას სხვა მრავალი უფლება-მოვალეობა აქვს. სასამართლო უფლება ოჯახის სხვა წევრებზე არც მას აქვს. ის განაგებს ქათმებისგან, თავლისგან შემოსულ, აგრეთვე კერვისა და ქსოვისგან, პურის და ორცხობილის გაყიდვით შემოსულ სარგებელს. ეს ფული შედის საერთო ხაზინაში, მაგრამ უფროს ქალს აქვს უფლება დახარჯოს იგი ქალბატონებისთვის აუცილებელი საჭიროებებისთვის, პირადი ნივთებისთვის, აგრეთვე ქალის განათლებისთვის. ოჯახის უხუცეს წევრებს თავისი კონკრეტული, დაფასებული ადგილი აქვთ. მათ სიტყვას დიდი ძალა აქვს ოჯახში და გადაწყვეტილებების მიღებაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. მიუხედავად ასეთი დაფასებისა, ისინი მაინც იღებენ მონაწილეობას ყველა საქმიანობაში, როგორც ოჯახის დანარჩენი წევრები”.

წყარო :  ჩვენამდე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები