“გროშობით შეკრებილი ფულით ჩავყარეთ საძირკველი”- როგორ შენდებოდა პირველი ქართული უნივერსიტეტი

 

1918 წელს  გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. ერთი შეხედვით, უტოპიური იდეა, დაეარსებინათ უნივერსიტეტი შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც თბილისში დაარსდა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი. იგი რუსეთის იმპერიაში არსებულ ბანკებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც თავის შემოსავალს ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეურნეო ინტერესებს ახმარდა. პირველი ქართული უნივერისტეტი იმდროინდელი ინტელიგენციის შემოწირულობებით აშენდა, სწორედ ამის შესახებ ყვება იაკობ მანსვეტაშვილი 1936 წელს გამოქვეყნებულ წერილში. 

„თუ დღეს ჩვენ გვაქვს ის საუცხოვო, დიადი შენობა, რომელიც ვაკედგან ამაყად ქალაქს დაჰყურებს და ამშვენებს, მტერს თვალებს უყენებს და მოყვარეს გულს უხარებს, ის შენობა, სადაც დღეს ქართული უნივერსიტეტი იმყოფება, — ეს უნდა დავუმადლოთ ნ. ცხვედაძეს, იმის მხნეობას, იმის ერთგულებას, იმის თავის განწირვას. საიდამ და როგორ დაიბადა აზრი ამ შენობის აგებისა?

როდესაც მოვახერხეთ და ჩვენი სათავად-აზნაურო სკოლა საყოველთაო საშუალო სასწავლებლად გადავაკეთეთ, საკუთარი თავშესაფარი არ გვქონდა ამისთვის, კატის კნუტივით დავათრევდით ამ სასწავლებელს და ხან ერთ შენობაში გადავიტანდით, ხან მეორეში, მაგრამ ყველა ყოვლად უვარგისი იყო, გამოუსადეგარი, სწავლებისთვის სრულიად მოუწყობელი. უნდა გვეფიქრა საკუთარი შენობის შესაძენად. შესაფერისი ტფილისში არაფერი მოიპოვებოდა.

უნდა გვეფიქრა საკუთარ შენობაზე. ვაკეზე მიწის შეძენა მოვახერხეთ. ახლა შენობისათვის უნდა გვეზრუნა. მაგრამ საიდგან, რა ღონით, ფული სად იყო? გადავწყვიტეთ, ჩვენი საწყალი ჯიბეები გადმოგვებრუნებინა და რაც გვქონდა, ამოგვებერტყა. იყო შედგენილი სიები ქართველ მოხელეთა, მსახურთა და ასე გროშობით, სწორედ გროშობით შეკრებილი ფულით ჩავყარეთ საძირკველი. ამაზე ხომ ვერ შევდგებოდით? გართულდა საქმე, ფული ბევრი უნდოდა. ჩვენი გროშებით და თუნდ მანეთებითაც ვეღარას გავხდებოდით. უნდა სხვა ღონე გვეღონა. აი სწორედ აქ იჩინა თავი ცხვედაძემ.

ამოიღებდა ნიშანში ვისაც კი რაიმე ქონებას შეამჩნევდა, შეუჩნდებოდა და მინამ ფულს არ გამოაღებინებდა, არ მოეშვებოდა.

არც ერთი შეძლებული ქართველი არ გადაურჩებოდა ცხვედაძის ხარკს. ჩვენში იქნებოდა, რუსეთში თუ უცხოეთში, ყველგან ხელს მიაწვდენდა, ყველას გამოამეტებინებდა რასმე. ხერხი იცოდა, ვისთან როგორ უნდა მისულიყო, ვისთვის საიდამ მოევლო. რაც უფრო შორს მიდიოდა, მით უფრო მეტი მადა ეშლებოდა ჩვენს ნიკოს. ჯერ განზრახული იყო მხოლოდ ორ-სართულიანი შენობა, მერე მადა გაეხსნა და ორი სართული ოთხად გადააქცია. ახლა კი წვრილწვრილად მოგროვებული შემოწირულებანი ხარჯებს ვეღარ ჰფარავდა.

უნდა სხვა გზას დასდგომოდა და ამ გზამ ნიკო მიიყვანა დავით სარაჯიშვილთან და ჩვენს ბანკთან. სარაჯიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უხვად გაშალა ხელი და არას ზოგავდა ამ საქმისათვის. მის თამასუქებს ანაღდებდნენ ხოლმე საკომერციო ბანკებში ასი ათასი მანეთობით.“ – იაკობ მანსვეტაშვილი „მოგონებანი“ (ნახული და გაგონილი), 1936 წ.
ფოტო ალექსანდრე როინიშვილისა

 

წყარო: ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები