14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
ქართული თეატრის დღეს საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი, გიორგი ერისთავის ‘’გაყრა’’ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.
როგორც პროფესორი ვასილ კიკნაძე წერს, გიორგი ერისთავმა ქართველი არისტოკრატიის მხარდაჭერითა და რუსეთის მეფისნაცვალ ვორონცოვის ხელშეწყობით, გიმნაზიის, დღევანდელი თბილისის №1 სკოლის შენობაში დადგა პირველი სპექტაკლი, რომლის პიესის ავტორიცა და რეჟისორიც თავად იყო და სპექტაკლში ერთ-ერთი პერსონაჟის, სომეხი ვაჭრის როლსაც ასრულებდა.
ამ პიესის ხელნაწერი არ შემონახულა, დაიბეჭდა 1850 წელს. ვიდრე თეატრში დაიდგმებოდა, მას ხელნაწერში კითხულობდნენ და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გ. თუმანიშვილის ცნობით: „…გაყრაში“ ავტორმა გამოხატა თავის თავი და თავისი ნათესავები, ნაცნობები…“ „გაყრის“ პირველ წარმოდგენაში თბილისის არისტოკრატია მონაწილობდა.
გიორგი ერისთავმა ხიდისთავში დაიწყო დასის ფორმირება და გარკვეული რეპეტიციებიც იქ ჩაატარა. მან გახსნა XIX საუკუნის პირველი თეატრალური სკოლა და ქართველი მსახიობების მომზადება დაიწყო. 1851 წლის სეზონი გახსნა ახალმა დასმა. თეატრთან მუდმივად თანამშრომლობდნენ საზოგადო მოღვაწეები, მწერლები.
აკაკი წერეთელმა დაწერა (1909-1910 წ. წ.) პოემა „ვორონცოვი“. ვასილ კიკნაძე წერს: „…ვორონცოვმა თავისი მოღვაწეობის ათი წლის მანძილზე დიდი სიკეთე გაუკეთა ქართველ ხალხს. ასეთი ღვაწლი რუსეთის იმპერიის მსახურს კი არა, ერთი გამოჩენილი ქართველი პატრიოტი მოღვაწის სახელსაც დაამშვენებდა!..“
1856 წელს თეატრს რეპერტუარში 57 პიესა ჰქონდა. დააარსებიდან 5-6 წლის შემდეგ თეატრის შევიწროვება დაიწყო. მეფის მოხელე სოლოგუბმა თეატრის წინააღმდეგ ცინიკური განცხადება გააკეთა: „…ქართული თეატრი უნდა მოიშალოს და მტკვარს გადაღმა დაარსდეს ბალაგანი, რომელიც უეჭველად სასარგებლო იქნება, თუკი მისი გამგებლობა ქართველ აქტიორს არ ჩაბარდება, არამედ განათლებულ კაცსა“.
1856-57 წლებში ქართული პროფესიული თეატრი დაიშალა. გიორგი ერისთავის თეატრი 1856 წლის ივნისში დაიხურა.
ქართული სასცენო ხელოვნების ახალი პერიოდი 1879 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია. ერთი წლის შემდეგ დრამატული თეატრი ქუთაისშიც გაიხსნა. ამ პერიოდში ქართული დრამატული თეატრების სცენებზე გამოჩნდნენ ნიჭიერი მსახიობები და რეჟისორები: ვასო აბაშიძე, ლადო მესხიშვილი, ნატო გაბუნია, მაკო საფაროვა-აბაშიძე , კოტე ყიფიანი , კოტე მესხი, ვალერიან გუნია, რომლებმაც ქართული თეატრალური ხელოვნება მაღალ დონეზე აიყვანეს.
ქართული თეატრის აღმავლობა ორი დიდი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელებს უკავშირდება. მათ ქართულ თეატრში განსაკუთრებული ეპოქა შექმნეს, რომელიც სასცენო ხელოვნების განვითარების მიმართულებებსა და ტენდენციებს დღესაც განაპირობებს.