ვინ იყვნენ პირველი ქართველი მფრინავი ქალები სამეგრელოდან

თითქმის აღარავინ დაობს იმაზე, რომ პროფესიას სქესი არ აქვს, თუმცა გასულ საუკუნეში საკითხს სხვაგვარად უყურებდნენ. საინტერესოა, რომ მიუხედავად ამისა, ქალები აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ ასპექტში და მათ შორის, ერთი შეხედვით, მათთვის “შეუფერებელ” პროფესიებსაც ირჩევდნენ. 

ეროვნულმა არქივმა პირველი ქართველი მფრინავი ქალების, რუსუდან ჟორდანიასა და ნინო ხუბულავას ისტორია შემოგვინახა. მართალია, მათ შესახებ ბევრი ცნობა არ მოგვეპოვება, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი იყვნენ პირველი ქართველი მფრინავი ქალები სამეგრელოდან

ავტობიოგრაფიიდან, რომელიც რუსულ ენაზე ხელით არის დაწერილი, ირკვევა, რომ რუსუდან ჟორდანია დაიბადა და გაიზარდა ზუგდიდში, დადიანების მებაღეების, ზამბერლეტების ოჯახში.

„დავიბადე 1915 წელს. მამა ივანე ჟორდანია პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობის დროს მძიმედ დაიჭრა, ზუგდიდში დაბრუნდა. გარდაიცვალა 1919 წელს. დედა ზინაიდა ზამბერლეტი-ჟორდანია. ზუგდიდის სკოლაში ასწავლიდა გერმანულს, რუსულს, მუსიკას, ის მამინაცვლის ზამბერლეტის გვარს ატარებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიაში, ერთი წლის სწავლის შემდეგ რიონჰესში წავედი სამუშაოდ. შევედი ავიაციისა და ფლოტის ხელშემწყობ ნებაყოფლობით საზოგადოებაში. 1935 წლის მარტიდან ვარ თბილისის საავიაციო სკოლის კურსანტი“, – წერს რუსუდან ჟორდანია.

“ის მფრინავი 1935 წელს გახდა, მას შემდეგ მან ჰაერში 5500 საათი გაატარა. საპენსიო ასაკში კი საავიაციო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა და წერდა მოგონებებს მფრინავებზე, “- წერს საბჭოთა პრესა.  გაზეთებში და არც მის ავტობიოგრაფიაში პირად ცხოვრებაზე არაფერი წერია. ამიტომ არ ვიცით ჰყავდა თუ არა მას ოჯახი.

ეროვნულ არქივში დაცული ცნობების თანახმად, მას სიცოცხლეში, 1965 წელს დაბადებიდან 50 და ავიაციაში ყოფნიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო მოუწყვეს ზუგდიდში. შემორჩენილ წყაროებში მისი გარდაცვალების თარიღიც არ არის მითითებული.

რუსუდან ჟორდანიასთან ერთად პირველ მფრინავ ქალად მოიხსენიებენ სენაკის მკვიდრს, სოფელ ეკში დაბადებულ ნინო იგივე ნინა ხუბულავასაც. სენაკის მე-7 საჯარო სკოლაში, რომლის ეზოშიც ნინოს ბიუსტი დგას, დაცული ცნობების თანახმად, ნინო ხუბულავაც 1935 წელს გამხდარა მფრინავი, თუმცა მალე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილა.

„ჩვენი ნინა დაბადებული 1917 წლის 29 ოქტომბერს ეკში. ჩემი ძმა ვალია კი 1912 წლის 9 მარტს. ჩვენ ვიყავით ოთხნი. 2 ძმა და 2 და. დედ-მამა რომ გარდაგვეცვალა, ნინა იყო 4 წლის, ვიზრდებოდით ბებია თებრონეს ხელში. 1929 წელს ბებიაც გარდაგვეცვალა და შემდეგ ჩვენი ნათესავების და მეზობლების იმედად ვიზრდებოდით. ვალია სამხედრო ლიოჩიკად მუშაობდა. ეკის შვიდწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, ნინა ძმამ წაიყვანა თბილისში და სწავლა განაგრძო ფიზიოში, იქიდან კი თავისი ძმის, ვალიას დახმარებით გაემგზავრა ბატაისკში საპლანერო კურსებზე 1934 წელს. საპლანერო კურსების დამთავრების შემდეგ, დაბრუნდა თბილისში და გახდა პირველი მფრინავი ქალი“, – წერს ოლია ხუბულავა, მფრინავის და.

“1934 წელს, 1 სექტემბერს, ნინო გაბედულად მიუჯდა თვითმფრინავის შტურვალს, განახორციელა პირველი გაფრენა, შემდეგ უფრო იწრთობოდა და ბოლო გამოცდის დღეც დადგა – 12 ოქტომბერი, 1935 წელს მოხდა მუშა მფრინავების პირველი საზეიმო გამოშვება, სადაც ნინომ უმაღლესი ოსტატობით და სიზუსტით შეასრულა პილოტაჟის ინსტრუქციები,” – წერს სენაკში გამომავალი გაზეთ „კოლხეთის“ რედაქტორი, ბორის შენგელია.

ნინოს მეგობარი ქრისტინე მკერვალიძე წერილში, რომელიც პირად არქივშია დაცული, წერს, რომ ის კარგად თამაშობდა ხელბურთს და გატაცებული იყო თოფის სროლითაც.

მფრინავი ქალის გარდაცვალების მიზეზე ოფიციალური ცნობა არარსებობს. მისი და ოლია ხუბულავა წერს, – „დიდხანს არ დასცალდა და მოულოდნელმა სიკვდილმა ხელიდან გამოგვტაცა 1935 წელს, 27 მაისს. ნინას ცხედარი დასვენებული იყო ავიაკლუბში, დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე“.

სენაკის სკოლაში მისი ბიუსტი ნინოს გარდაცვალებიდან 66 წლისთავზე დაიდგა.

წყარო: ლაივპრესი 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები