6 აგვისტოს მსახიობი, რეჟისორი აკაკი ვასაძე დაიბადა
1899 წლის 6 აგვისტოს, ქუთაისში, მსახიობი, რეჟისორი აკაკი ვასაძე დაიბადა.
მან სასცენო მოღვაწეობა ქუთაისის თეატრში დაიწყო; მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში; იყო ამავე თეატრისა და ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; მოღვაწეობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.
“სცენაზე პირველი ნამდვილი გამარჯვება ვიგემე ოცდაერთი წლისამ, 1920 წელს, აბესალო სალამთაძის როლში (დ. კლდიაშვილის პიესიდან “ირინეს ბედნიერება”). ამ სახეში თითქმის ერთთავად ინსტინქტის, ჩემი ყრმობიდან კარგად ნაცნობი იმერელი აზნაურიშვილის ქცევისა და მეტყველების მიბაძვის და, საერთოდ, უშუალო ემოციების კარნახს მივყვებოდი. მაგრამ ამაზე შემდეგ. აქ კი ამას აღვნიშნავ მხოლოდ: ჩემთვის აბესალო სალამთაძის როლის უმთავრესი ღირებულება ისიც იყო, რომ სრულიად ახალგაზრდას, განმიმტკიცა რწმენა ჩემს სამსახიობო შესაძლებლობებში. კარგია, როცა მსახიობი ახალგაზრდობის წლებშივე ეფექტურად წარმოჩნდები, – ეს განიჭებს სილაღეს და შინაგან გაბედულებას.“ – წერდა აკაკი ვასაძე თავის წიგნში “ჩემი სამსახიობო გზა”.
ნაკლებადაა ცნობილი, რომ ცნობილი მსახიობი აკაკი ვასაძე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში გადიოდა სამხედრო-სავალდებულო სამსახურს. მას როგორც ახალწვეულს არ მოუწია ბრძოლა საბჭოთა რუსეთთან, მაგრამ 1921 წლის მარტის ბოლოსათვის მეცხრე ათასეულის ახალწვეულებმა მონაწილეობა მიიღეს, ბათუმიდან თურქი ასკერების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის უკვე მეტყვიამფრქვევე ვასაძემაც. იგი იხსენებდა:,,წამოვიდნენ თუ არა ასკერები, მე ორთავე ცერი “გაშეტს” დავაჭირე. ოფიცერი და რამდენიმე ასკერი მოცელილივით დაენარცხა. სხვა ასკერები დამფრთხალნი ჩაწვნენ და ხნულებს ამოეფარნენ.”
აკაკი ვასაძეს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, სტალინური პრემია, ლენინის ორდენი და ლენინის მედალი, წითელი დროშის ორდენი, სსრკ სახალხო არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტი წოდება,
აკაკი ვასაძე 1978 წელს გარდაიცვალა.