“50 წელი მედიცინაში და სოფლის ექიმობიდან საკუთარ კლინიკამდე”- დოდო ჩხენკელის პორტრეტი

სამედიცინო სფეროში 1970 წელს აღმოჩნდა, როცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კარები შეაღო და მას შემდეგ მედიცინის უსაზღვრო სამყაროს კარებიდან არც გამოსულა. 50 წლის განმავლობაში იყო სწავლა, განვითარება, უამრავი გამოჯანმრთელებული პაციენტი და საკმაოდ რთული გზა, რომელმაც დოდო ჩხენკელი წარმატებულ ექიმად აქცია. ათეული წლების წინ ხონის ერთ-ერთი სოფლის ექიმობით დაწყებულ კარიერას იგი ამჟამად საკუთარ კლინიკაში აგრძელებს, არ წყვეტს წინსვლისა და განვითარების პროცესს და პაციენტებს ტრადიციულთან ერთად, მკურნალობის არატრადიციულ მეთოდებსაც სთავაზობს – იმ მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნობით დაგროვილი დაგროვილი ცოდნის სახით დაგვიტოვეს. გაიცანით  დოდო ჩხენკელი, ექიმი, რომელიც მუდამ ადამიანთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას.  

_ მოგვიყევით თქვენ შესახებ, ვინ არის დოდო ჩხენკელი? 

_ უპირველეს ყოვლისა, ვარ საქართველოს მოქალაქე და შემდეგ ექიმი, ოჯახის დიასახლისი, დედა და მეუღლე. დავიბადე ყოფილ წულუკიძეში, ამჟამინდელ ხონში. დედ-მამას სამედიცინო სფეროსთან გარკვეული შეხება ჰქონდა, მამა სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად მუშაობდა, დედა კი ექთანი გახლდათ, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პროფესიის არჩევანზე გარკვეული ზეგავლენა მშობლებმა იქონიეს, რადგან სულ სამედიცინო სფეროში ვტრიალებდი, ოჯახში კი ფაქტობრივად ექიმის კულტი იყო. ამ პროფესიის შესწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დავიწყე და მას შემდეგ ვარ იქ, სადაც მგონია, რომ უნდა ვიყო.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გაგრძელება მსურდა, ოჯახური პირობების გათვალისწინებით, ისევ ხონში დაბრუნება და იქ მუშაობის დაწყება გადავწყვიტე.  ჩემი რაიონის ერთ-ერთ სოფელში, სოფელ კუხში უბნის ექიმად დავიწყე მუშაობა. 10 წლის განმავლობაში ვიმუშავე იქ და ჩემი გამოცდილებისათვის ძალიან დიდი სკოლა გავიარე – მაშინ არ არსებობდა დიფერენცირება, უბნის ექიმი გახლდათ პასუხისმგებელი თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე – დაწყებული ახალდაბადებული ბავშვებიდან, რომელთა ჯანმრთელობასაც პირველივე დღეებიდან ვადევნებდი თვალ-ყურს, დამთავრებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტებით. ფაქტობრივად, ამ სოფლისთვის ყველაფერი ვიყავი – კარდიოლოგი, გინეკოლოგიცა და ქირურგიც, თუკი საქმე მცირე ჭრილობებს ეხებოდა. დიდი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მომცა ამ პერიოდმა,ხალხმა კი  ნელ-ნელა მიმიღო და შემიყვარა, ძალიან კარგად მახსენდება ეს სოფელი და იქ მუშაობა. 

შემდეგ სამუშაოდ ხონის რაიონულ პოლიკლინიკაში გადმოვედი და წლების განმავლობაში ვმუშაობდი იქ, მას შემდეგ კი რაც ეს კლინიკა გასხვისდა, თავად გავაკეთე ჯერ სამედიცინო კაბინეტი, შემდეგ კი კლინიკა, რომლის ხელმძღვანელიცა და პრაქტიკოსი ექიმიც დღემდე გახლავართ. 

_ რა გხიბლავდათ ამ პროფესიაში ყველაზე მეტად და რატომ გადაწყვიტეთ, თქვენი ცხოვრების მთავარ საქმედ ექიმობა აგერჩიათ? 

_ ყოველთვის მიყვარდა ადამიანებზე ზრუნვა და მათი დახმარება. შემდეგ ბევრი წავიკითხე და გავიგე ექიმებზე, მოვიხიბლე ამ პროფესიით. დედა მიყვებოდა ხოლმე სხვა სოფლის ექიმზე, ოლიკო აბზიანიძეზე, თუ როგორ დადიოდა კარდაკარ და როგორ ეხმარებოდა ყველას, ვისაც ის სჭირდებოდა. მაშინ დავინახე, რა როლი ჰქონდა ექიმს ადამიანის ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ მასთან უშუალო შეხება არ მქონია მას შემდეგ, რას მისი პაციენტი აღარ ვიყავი, მინდოდა, პოლიკო ექიმივით საჭირო და სასარგებლო, პროფესიონალი ადამიანი ვყოფილიყავი და მასავით  ყველას სატკივარი მეც გულთან მიმეტანა. 

_ რა სირთულეები ახლავს თან თქვენს პროფესიას და თქვენ როგორ უმკლავდებით მათ? 

_ ჩვენს ცხოვრებას წარმართავს ჩვენი პროფესია. თუ გინდა იყო ექიმი, ფაქტობრივად, გიწევს უარი თქვა პირად ცხოვრებაზე, უკანა პლანზე გადაიყვანო. გასიგრძეგანებული უნდა გქონდეს საკუთარი პასუხიმგებლობა – შეიძლება გინდოდეს თავისუფალი დრო სურვილისამებრ გაატარო, მაგრამ ამ დროს თუ პაციენტს სჭირდები, აუცილებლად უნდა შეცვალო ყველა გეგმა. ახლა ამ მხრივ სიტუაცია ცოტა შეცვლილია, სასწრაფო დახმარების მობილურობა და კლინიკების გაზრდილი რაოდენობა იძლევა საშუალებას,  დროულად მიეწოდოს პაციენტს საჭირო მომსახურება, თუმცა, ადრე სასწრაფო დახმარების როლსაც უბნის ექიმი ასრულებდა. 

ექიმის სამუშაო საათი 24 საათია და 9-დან 6-მდე გრაფიკში მისი მორგება წარმოუდგენელია. ძალიან ხშირად წამოვსულვარ ქორწილიდან, იუბილედან, სპექტაკლიდან და კონცერტიდან, როცა ვინმეს ვჭირდებოდი. თუმცა, მე ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ტკივილს ვუმსუბუქებდი და მათი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ვიბრძოდი. 

_ რა უნარებს უნდა ფლობდეს კარგი ექიმი? 

_ პირველყოვლისა, ექიმი უნდა იყოს კაცთმოყვარე. ექიმი მხოლოდ სხეულს არ მკურნალობს, ის არის პაციენტის მისი ფსიქოლოგი, მეგობარი, მისი იმედი.  ამ პასუხიმგებლობის ტარება უნდა შეგეძლოს. რასაკვირველია, შრომისმოყვარეობა უმნიშვნელოვანესია. 

_ თქვენი სფერო მუდმივად ვითარდება და იცვლება. ალბათ, ამ სფეროში აუცილებელიც კია, ფეხი აუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს. რამდენად ხართ ორიენტირებული წინსვლაზე და რაში გამოიხატება ეს ყოველივე? 

_ მხარს ვუბამ ყველა სიახლეს. იმდენად შეიცვალა ტექნოლოგიები და იმდენად დიდი ნაბიჯებით მიდის მედიცინა წინ, რომ თუ გინდა იყო კარგი ექიმი, უბრალოდ უფლებაც კი არ გაქვს, განვითარების პროცესს ჩამორჩე.

2011 წელს მკურნალობის არატრადიციული მეთოდების შესახებ სრულაიდ შემთხვევით გავიგე. საქართველოში ჩამოდიოდა ნორბეკოვი, რომლის მეთოდური სისტემაც საოცარ გაჯანსაღებას იწვევს. მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ ამ უცხო სფეროს დავუფლებოდი, რაც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ექიმს აუცილებლად უნდა შეეძლოს პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვაც  – თუკი ექიმის კაბინეტიდან გამოსული ადამიანი თავს უფრო მხნედ არ გრძნობს, მაშინ ის ექიმი ექიმად არც ჩაითვლება. 

სემინარებზე დასწრების შემდეგ,  გამიჩნდა მრავალი კითხვა, მათ შორის ის, თუ რატომ ვთქვით უარი ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნობით ნაგროვებ ცოდნაზე და რატომ მოვნათლეთ ექიმბაშობად. მაშინ, როდესაც შესაძლებელია, დაეხმარო ადამიანს ქიმიის გარეშე,  ან სიტყვით – წამლის გარეშე, ეს აუცილებლად უნდა გამოიყენო. ყველა ის თანამედროვე პროცედურა, რომელსაც დღეს ტრადიციული მედიცინა მიმართავს, ბოლომდე არაა ადაპტირებული ადამიანის ორგანიზმზე. ჩვენ გვაქვს უდიდესი მემკვიდრეობა  და ცოდნა, რომელსაც გამოყენება სჭირდება. 

რასაკვირველია, პაციენტებთან ვმუშაობ ტრადიციული მეთოდებით, მაგრამ მას შედეგ, რაც ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო, ბევრ მათგანს გაუჭირდა საავადმყოფოში მოსვლა, ნელ-ნელა ვცდილობ, ეს ინფორმაცია მივაწოდო მათ. ვუთხრა, რომ შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად გააკეთონ გარკვეული გონებრივი და ფიზიკური პროცედურები, რომლებიც  განკურნებისკენ დიდო ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარებათ და შეუმცირებს მისაღები მედიკამენტების რაოდენობას. 

_ რა ტიპის არატრადიციულ მეთოდებს მიმართავთ მკურნალობისას? 

_ აქ შეიძლება ბევრი ალტერნატიული მეთოდი იქნას მოაზრებული – პირველყოვლისა, ეს არის ფსიქოლოგიური მეთოდი, ასევე, ბალახებითა და ჩინური წერტილებით მკურნალობა.  ჩვენს ჯანმრთელობას ყველაზე დიდ ზიანს ჩვენი მოუგვარებელი ემოციები აყენებენ, მით უფრო ახლა, როცა მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშეა. ამ დროს მედიტაციები და მოდუნება დიდ როლს თამაშობს ჩვენი სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში, რაც, რასაკვირველია, დადებითად აისახება ჯანმრთელობაზეც. თუმცა ამ მიმართულებით ჯერ ფართო სპექტრზე არ მიმუშავია და ვაგრძელებ ტრადიციული მედიცინის მეთოდებით ჩემი პაციენტების დახმარებას. 

_ როგორია 21-ე საუკუნის მედიცინის გამოწვევები და რის წინაშე დგანან დღეს ექიმები? 

_ მე ამ სფეროში მოღვაწეობა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, როცა ჩემი იარაღი მხოლოდ წნევის აპარატი და ფონედოსკოპი იყო. 21-ე საუკუნემ კი დაგვაყენა განვითარების აუცილებლობის წინაშე, ყველა ექიმმა უნდა იაროს ზუსტად ისეთი ნაბიჯებით, როგორითაც სფერო იზრდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პანდემიის პერიოდში დავკარგეთ პაციენტებთან უშუალო კონტაქტის შესაძლებლობა. 

 ექიმისათვის დასმული ნებისმიერი შეკითხვის უკან დგას ადამიანი, რომლისთვისაც მის ერთ სიტყვას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც მხოლოდ მხარზე ხელი დაადოს და უთხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.  ჩვენ ჩვენს სითბოს, მხარდაჭერას პაციენტებს უშუალოდ ვეღარ ვუზიარებთ – ამ ურთიერთობის შენარჩუნება ალბათ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რა თქმა უნდა, სამედიცინო გამოწვევებთან ერთად, რომლებიც მრავლადაა.

_ ქალბატონო დოდო, რას ეუბნებით ყველაზე ხშირად სამყაროს და რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ? 

_ ალბათ, ერთსა და იმავეს – მიუხედავად გამოწვევებისა, ცხოვრება არის მშვენიერი და ჩვენ უნდა დავაფასოთ ჩვენი ცხოვრების თითოეული წუთი, გავუღიმოთ ერთმანეთს და რაც შეიძლება ხშირად ვთქვათ   მაგიური სიტყვები – მე შენ მიყვარხარ 

ავტორი: თამუნა ზარანდია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები