დონა გიორგაძე თერთმეტი წელია აშშ-ში ცხოვრობს. საქართველო დროებით დატოვა, დაბრუნებას მალე აპირებდა, თუმცა ემიგრაციაში ახალი პროფესია, სიყვარული და ბედნიერება ერთიანად იპოვა…
29 წლის იყო, როდესაც ამერიკას პირველად ესტუმრა. შემდეგ იყო პირველი სამსახური, ახალი სიყვარული და დაბრუნება ისევ სამშობლოში. რამდენიმე წელიწადში ორ შვილთან ერთად კვლავ გაემგზავრა ამერიკაში, ახალი ცხოვრების დასაწყებად შტატებში საბოლოოდ ,,გადაცხოვრდა”. როგორც თვითონ ამბობს, უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად კულინარია იდეალური საშუალება აღმოჩნდა. უცხო ენების სპეციალისტი პერსონალური შეფი გახდა და ჰობი ახალ პროფესიად აქცია. შექმნა საკუთარი იუთუბ არხიც, სადაც კულინარიულ პოსტებთან ერთად, ამერიკულმა ისტორიებმა დღიურის სახით მოიყარა თავი. წერასა და კულინარიასთან ერთად, გატაცებად იქცა ფოტოგრაფიაც. ცოტა ხნის წინ, დონას პირველი წიგნი გამოვიდა და უცხოელ მკითხველში პოპულარობაც მალევე მოიპოვა.
Around the Georgian Table – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ავტობიოგრაფიას, მემუარებსა და საინტერესო კულინარიულ რეცეპტებს აერთიანებს, გურმანებს ქართულ სამზარეულოს ახლოს აცნობს… ,,ეს არის ბავშვობის გემოები ჩემებურად გადმოტანილი და ამერიკელ მკითხველზე მორგებული. პატარა მემუარი კი, რომლითაც იწყება წიგნი, ვფიქრობ ინსპირაციული და სამოტივაციო ხასიათისაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ახალ ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად ან უბრალოდ ძიების პროცესშია. 35 წლამდე არც ვიცოდი ვინ ვიყავი და რა მინდოდა, კულინარიამ და ფოტოგრაფიამ კი გადამარჩინა, მაპოვნინა საკუთარი თავი“- ამბობს ინტერვიუში დონა.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"