სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები „Alimentaria 2026“-ზე წარდგნენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 9 ქართულმა კომპანიამ ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში Alimentaria მიიღო მონაწილეობა.
სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაზე ქართულმა პროდუქციამ ვიზიტორების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
Alimentaria მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, როგორც საკვები და სასმელი სექტორისთვის, ასევე სტუმარმასპინძლობის და საკვები მომსახურების სფეროში. წელს გამოფენა 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ღონისძიება ყოველწლიურად აერთიანებს 3 200-ზე მეტ მონაწილე კომპანიას 70-მდე ქვეყნიდან და 108 000-მდე ვიზიტორს 120 ქვეყნიდან.
სააგენტოს შექმნის დღიდან ქართულმა კომპანიებმა 1 500-ჯერ მიიღეს მონაწილეობა 30-მდე ქვეყნის 200-მდე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში. ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნებს შორის იყო ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, ჩინეთი, იაპონია და სხვა.