თბილისში არსებული უჩვეულო „რეკივიზიტ-მუზეუმი“ანუ თუკი დროში მოგზაურობა გსურთ
ალბათ დამეთანხმებით, რომ სხვადასხვა რთულ დროს, ქვეყანა პატრიოტმა და ჯიუტმა ენთუზიასტებმა–საქმისთვის თავდადებულმა ადამიანებმა გადაარჩინეს. ის, რასაც პროფესიით ინჟინერ–მექანიკოსი, ნოდარ ხარაზიშვილი 30 წელია აკეთებს, თავისუფლად შეიძლება, პატრიოტიზმად ჩაითვალოს.
თბილისში, ძველმანების ბაზრობაზე ძველი ნივთები უკვე არავის უკვირს, მაგრამ სამგორში, მის მიერ დაარსებულ „რეკივიზიტ-მუზეუმში“ არსებული უნიკალური ნივთები ყველასგან გამორჩეულია. მათ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს, 30 წლის განმავლობაში აგროვებდა. ამ ნივთების უნიკალურობაში ეჭვი რომ არ შეგეპაროთ, რამდენიმე მათგანს აქვე ჩამოვთვლი. ეს არის: კომპანია „ლორენცის“ მიერ წარმოებული რევოლუციამდელი მორზეს ტელეგრაფი, თომას ედისონის ფონოგრაფი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსაა გამოშვებული, 1939 წელს წარმოებული კინოპროექტორი, რვა ხაზიანი სამხედრო საველე კომუტატორის ტელეფონი, რემინგტონის პორტატული საბეჭდი მანქანა და სხვა ბევრი რამ… მოკლედ ამ ადგილზე რომ აღმოჩნდებით, დროში მოგზაურობის უცნაური განცდა გაგიჩნდებათ.
თუ როგორ დაიწყო ეს ამბავი კინო–სიუჟეტის მსგავსად, ამას საუბრიდან შეიტყობთ.
– ბატონო ნოდარ, მსგავსი „რეკვიზიტ–მუზეუმის“ გახსნის იდეა ალბათ ერთ მშვენიერ დღეს არ გაჩნდა და ბევრი წლის ნაფიქრია…
– თქვენი კითხვის მერე, ჩემმა ქვეცნობიერმა „შემახსენა“, რომ ასეთი მუზეუმის გახსნის სურვილი ბავშვობიდან მაქვს. გამახსენდა ჩემი ბავშვობა, მამა მფრინავი მყავდა და მოსკოვსა და მაშინდელი “ლენინგრადიდან” ჩემთვის ხშირად ჩამოჰქონდა განსხვავებული და (იმ დროს) უცნაური სათამაშოები – სხვადასხვა სახის კონსტრუქტორები. მარკებს, მედლებს, მონეტებს და სათამაშოებსაც ბავშვობიდან ვაგროვებ. წლების მანძილზე ბევრი მათგანი დავკარგე, მაგრამ მათი შეგროვების სურვილი გამიმძაფრდა.
– ამ საქმის დაწყების იმპულსი რაიმე კონკრეტული ამბავი ხომ არ გახდა?
– დიახ, ალბათ გახდა ის ფაქტი, რომ 2010 წელს, ბაზრობაზე მოვიდა ქალბატონი, რომელსაც მინის კოლბები და სინჯარები უნდოდა. მე ვუთხარი, რომ გასაყიდად არა, მაგრამ ისინი სახლში მქონდა. ამას გარდა იგი დაინტერესდა ქიმიური და ფიზიკის ლაბორატორიის ნივთებითა და ძველი დეკორაციებით, რომელიც ასევე მქონდა. ამის შემდეგ მოულოდნელად შემომთავაზა კინო-გადაღებაში ხომ არ მივიღებდი მონაწილეობას, რაზედაც დავთანხმდი. „სანგუკოს“ სტუდიაში მისვლისა და გასაუბრების შემდეგ, დეკორატორის შტატზე ამიყვანეს. ეს ქალბატონი იყო “სანგუკოს” სტუდიის მხატვარი პოლინა რუდნიშია, რისთვისაც მისი და ზოგადად მთელი გადამღები ჯგუფის მადლიერი ვარ. ამის შემდეგ როცა სჭირდებოდათ ნივთები რომელიმე ფილმის, ივენთის, რეკლამის ან კლიპის გადასაღებად, უკვე სხვა სტუდიებიც მაკითხავდნენ.
– ისე, აქაურობა ფილმის გადასაღებ პავილიონს აშკარად ჰგავს. თქვენ მოახერხეთ და ეს ნივთები ერთ სივრცეში და საინტერესოდ განათავსეთ..
– ძველმანების ბაზრობაზე უამრავი საოცარი ნივთია, მაგრამ ისინი ცალ-ცალკე სივრცეებშია მიმოფანტული და იყიდება. თუ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებულია, მას მეორე დღესვე ვეღარ ნახავთ, რადგან მაშინვე იყიდება. თანაც, მე თემატურადაც ვცდილობ მაქსიმალურად ბევრ სფეროს შევეხო. ეს ადგილიც მხოლოდ ორი თვეა, რაც ავირჩიე და აქ ნივთები ჯერ ისევ სპონტანურადაა განთავსებული. რასაკვირველია, ბაზრობის ადმინისტრაციის დიდი მხარდაჭერაც მქონდა, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ.
– ალბათ ყველა ამ ნივთის მიღმა მათი შეძენის საინტერესო ისტორიაა…
– ამ ნივთების უმრავლესობა უნიკალურია, რამდენიმეს ჩამოვთვლი, ესაა: აზიური წარმოშობის ბრინჯაოს ბოქლომი, რომლის სიმაღლე 24 სმ-ია, სამოქალაქო კომუტატორის ტელეფონი ორ ხაზზე, ნიკოლოზ მეორის მეფედ კურთხევის დროინდელი, 1896 წელს გამოშვებული ემალის ჭიქა და ბევრის სხვა. რაც შეეხება, ისტორიებს, ერთხელ, ერთ ადგილას, მეგობრის სახელით კონკრეტული ნივთის შესაძენად მივედი, მაგრამ გაყიდული დამხვდა. თუმცა იქვე შემომთავაზეს სამხედრო ტელეფონი, რომელიც ბევრად ძველი და საინტერესო იყო, რადგან საკოლექციო აღმოჩნდა. დაახლოებით ათი წლის წინ, სამგორის ბაზრობაზე მორზეს ტელეგრაფი შევიძინე, არავინ ყიდულობდა, ალბათ ფიქრობდნენ რაში გამოვიყენებო. მე კი როცა ვნახე, მაშინვე ვიყიდე. ედისონის ფონოგრაფი ბათუმში შევიძინე. სოც. ქსელებში გავიცანი უაღრესად კარგი პიროვნება, რომლისგანაც ბევრი ნივთი შევიძინე, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ.
– როდესაც მუზეუმის ადგილმდებარეობას უთითებთ, განმარტავთ, რომ ის ძველი შუქნიშნის წინაა…
– დიახ, მუზეუმის წინ ამ ძველი შუქნიშნის არსებობა ყველას უკვირს, თანაც, აქ რაიმე გზა და გადასასვლელი არ არის. ამ შუქნიშნის ადგილზე დამონტაჟება რთული იყო. ეს ამბავი მახსენდება: მაშინ ძველის ნაცვლად, ყველგან ახალ შუქნიშნებს ამონტაჟებდნენ. ერთ ქუჩაზე მუშებთან მივედი და ვკითხე: ძველი შუქნიშნების შესაძენად ვისთვის უნდა მიმემართა. მათ დამაკავშირეს იმ ადამიანს, ვისაც ეს საკითხი ეხებოდა. მან ამიხსნა, რომ გარკვეული დროით მოცდა მომიწევდა. დემონტაჟიდან ალბათ თვე-ნახევრის შემდეგ, ისევ დავრეკე იმ ადამიანთან და თავი შევახსენე. ის მუშებს დაუკავშირდა და პრობლემა იმ დღესვე მოიხსნა. მათ უფლება მომცეს, რომ ის ძველი შუქნიშნები ამეღო და თანაც, საფასურის გადახდაზეც უარი მითხრეს.
– მოგვიანებით, თქვენი უნიკალური ნივთებიანად ვირტუალურ სივრცეშიც გადაინაცვლეთ…
– დიახ, შევქმენი ფეისბუკ გვერდი „კინო-რეკვიზიტი” და ამ სივრცეში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. მახსოვს, აქ ერთხელ დამიკავშირდა ერთი მანდილოსანი, რომელმაც თავისი ნივთები მაჩვენა და მკითხა: დაახლოებით რა ეღირებოდა ისინი, ვუთხარი, რომ მათი ფასი დაახლოებით 300 ლარი იყო. გარკვეული დროის მერე ისევ დამიკავშირდა და მითხრა: თუ სურვილი მექნებოდა, ამ ნივთებს მაჩუქებდა. მე სიხარულით დავთანხმდი. მან ამიხსნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ნივთები მოხვედრილიყო ისეთ ადამიანთან, ვინც მათი ფასი იცოდა და არ გაყიდდა. ამ კეთილშობილი ადამიანის ძალიან მადლიერი ვარ. ამ პავილიონის გახსნის შემდეგ ბევრი გამოთქვამდა სურვილს, რომ მოსულიყო და ყველაფერი საკუთარი თვალით ენახა. რეალურად, აქ ბევრი ნივთი მართლა სამუზეუმო ექსპონატია. საბოლოოდ ჩამომიყალიბდა აზრი, რომ ამ ადგილისთვის „რეკვიზიტ მუზეუმი” დამერქვა.
– ბევრი ალბათ ვერ იგებს თქვენს უჩვეულო გატაცებას…
– დიახ, ვიცი, რომ ბევრი ფიქრობს: ეს ძველი ნივთები რად უნდაო. ზოგი ამას დაავადებადაც თვლის, რაშიც ნაწილობრივ ვეთანხმები. ასეთი გატაცება, კარგი გაგებით, დაავადებაა. მე ყველა ადამიანის მადლიერი ვარ, ვისგანაც რამე შემიძენია. როცა ასეთ უჩვეულო ნივთებს ხედავენ ძალიან უკვირთ და ბევრს მათი ყიდვის სურვილი უჩნდებათ, მაგრამ მე ყველას ვუხსნი, რომ ეს მუზეუმია და შესაბამისად, აქ არაფერი იყიდება. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ასეთი უნიკალური ნივთების გაყიდვა სამშობლოს ღალატის ტოლფასია…
სამომავლოდ, ალბათ უპრიანი იქნება, რომ ამ ადგილს მუზეუმის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭოს. დარწმუნებული ვარ, გარკვეული პერიოდის მერე, აქაურობას, დროში მოგზაურობის მსურველი უფრო მეტი ქართველი და უცხოელი დამთვალიერებელი ეყოლება.
თეონა გოგნიაშვილი