2026 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნული სტენდი ოფიციალურად გაიხსნა

10 მარტს, 2026 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნული სტენდი ოფიციალურად გაიხსნა.

სამი დღის განმავლობაში – 10, 11 და 12 მარტს ეროვნულ სტენდზე მწერალთა სახლი ვიზიტორებისთვის სამ ღონისძიებას გამართავს.

პირველად, 10 მარტს, მწერალთა სახლმა წარადგინა ღონისძიება – Georgian Portraits – Realities in Translation, რომელიც ეძღვნება თანამედროვე ქართველი ავტორების ახალ მოთხრობათა კრებულს.

კრებული გამოსცა კანადურმა გამომცემლობამ BookLand Press. წიგნში ნათლად არის წარმოდგენილი ქართული რეალობის მრავალფეროვნება. ქვეყნის ისტორიის გარდამავალი წლებიდან, დღევანდელი ცხოვრების სირთულეებამდე. კრებულში წარმოდგენილი  ავტორები – ბაჩო კვირტია, ცირა ყურაშვილი, ნინო გუგეშაშვილი და გელა ჩქვანავა, გამომცემელ რობერტ მორგანთან ერთად, ჩაერთვენ პრეზენტაციაში.

გაიმართა დისკუსია თემაზე – „ქართული ლიტერატურის გზა მის საზღვრებს მიღმა“.

11 მარტს, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, მწერალთა სახლი წარადგენს ღონისძიებას „England is Great, Sir“ – Nihilist’s Journey from Dreams to Post-Soviet Realities, რომელიც მიეძღვნება კარლო კაჭარავას  შემოქმედებას – პოეზიას, პროზას და თარგმანებს.

პანელში მონაწილეობას მიიღებენ: ნენე გიორგაძე, მწერალი, მთარგმნელი და თარგმანის ცენტრის ხელმძღვანელი მწერალთა სახლში; ჯონ უილიამ ნარინსი, პოეტი, მწერალი, მხატვარი და მთარგმნელი, არტ-კრიტიკოსი და ლიტერატურის მეცნიერი, რომელიც ნენე გიორგაძესთან ერთად თარგმნიდა კარლო კაჭარავას ნამუშევრებს; შორენა შავერდაშვილი, გამომცემელი, რომელმაც გამოსცა წიგნი „კარლო კაჭარავა – ავტობიოგრაფიის მითი“, რომელიც აერთიანებს ავტორის პოეზიას, პროზას და ნახატებს.

კარლო კაჭარავას ნამუშევრები გამოფენილია ლონდონის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში.

12 მარტს, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, მწერალთა სახლი წარმოგიდგენთ ღონისძიებას Taste of Dictatorship – When History Repeats Itself, რომელიც მიეძღვნება რუსუდან გორგილაძის წიგნს – დიქტატურის გემო.

წიგნი, რომელიც ამ ღონისძიებაზე იქნება განხილული, სამი დიქტატორის პირად და სოციალურ ცხოვრებას ეხება.

სხვადასხვა ასპექტის გარდა, იგი ყურადღებას ამახვილებს საკვების პოლიტიკურ მითვისებაზე საბჭოთა კავშირში, ფაშისტურ იტალიასა და ნაცისტურ გერმანიაში.

პოპულარული ენით, წიგნში განხილულია თითოეული რეჟიმის თავისებურებები, მათ შორის კვების იდეოლოგიის „მარგალიტები“ და მათი როლი პროპაგანდის ტექნიკაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები