ბათუმი 9-10 მაისს კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ბათუმი კონტაქტურ კარატეში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობა 9-10 მაისს ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
ევროპის პირველობა ასევე წარმოადგენს მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირსაც, რომელიც 2027 წელს იაპონიაში გაიმართება.
„საქართველო ევროპის ჩემპიონატს კონტაქტურ კარატეში უკვე მესამედ მასპინძლობს. ჩვენმა ქვეყანამ ღონისძიებას პირველად 2016 წელს, ხოლო მეორედ 2021 წელს თბილისში უმასპინძლა. 2021 წლის ტურნირმა ევროპისა და მსოფლიოს კარატეს ორგანიზაციების მხრიდან უმაღლესი შეფასება მიიღო.
პირველ საშეჯიბრებო დღეს, 9 მაისს, ახალგაზრდები – U18 ასაკის, ხოლო 10 მაისს დიდები – ევროპის კონტინენტის უძლიერესი მებრძოლები, იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე სრული შემადგენლობით გამოვა, მზადება კი უკვე დაწყებულია. ჩვენი გუნდი მზადების ერთ ეტაპს ყაზახეთის საერთაშორისო საწვრთნელ ბანაკში, ხოლო დასკვნით ეტაპს ბათუმის საწვრთნელ შეკრებაზე გაივლის“, – ნათქვამია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.