ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „SLOW WINE FAIR” ქვევრის ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილეობდა: „ანდრიას ღვინო“, „ველინო“, „ჭორტაულის ვენახები“, „გოცას ღვინო“, „მეღვინეობა ბაადური 1933“, „კონდოლი ვაინერი“, „შერმას საოჯახო მეღვინეობა“ და „მეღვინოება ნიაბი“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაზე „SLOW WINE FAIR” საკუთარი პროდუქცია მსოფლიოს 1000-მდე ღვინის კომპანიამ წარადგინა, რომელთა უმეტესობა ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოები იყო.

გამოფენას, ტრადიციულად, 20 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს, მათ შორის Horeca სექტორის წარმომადგენლები, დისტრიბუტორები და იმპორტიორები, რაც მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის, საქმიანი პარტნიორების მოძიებისა და, შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისთვის.

„SLOW WINE FAIR” უკვე მეხუთედ ჩატარდა. ქართული ღვინის მარნები გამოფენაში მეორედ მონაწილეობდნენ.

გამოფენას ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები