საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში სინოლოგიის საბაკალავრო პროგრამისა და ახალი ჩინური ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია მოეწყო
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში, ჩინური ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, ჩინური კულტურის საღამო, სინოლოგიის საბაკალავრო პროგრამისა და ახალი ჩინური ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია მოეწყო.
უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის და ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
“ჩინური ენის სტუდენტებისა და ჩინელი პედაგოგების მონაწილეობით შესრულდა მუსიკალური და კულტურული ნომრები: დრაკონის ცეკვა, ტრადიციული ჩინური ცეკვები, სიმღერები, მუსიკალური ნომრები ჩინურ ტრადიციულ საკრავებზე და სხვა.
გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ბატონი ტაი ჩუნიუნგი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორი, ქალბატონი ელი ელისაშვილი და ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი ჭანგ ვენკანგი.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სინოლოგიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია. ეს გახლავთ საქართველოში პირველი სინოლოგიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, რომლის აკადემიური გუნდი მაღალკვალიფიციური ქართველი და ჩინელი სინოლოგებისგანაა დაკომპლექტებული და სტუდენტებს სწავლების უახლეს მიდგომებს, გაცვლით პროგრამებს, სტაჟირებისა და დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს.
ასევე მოეწყო ,,მხიარული ჩინური” – სასკოლო ჩინურის უახლესი სახელმძღვანელოს – პრეზენტაციაც. სახელმძღვანელოს ქართულენოვან გამოცემაზე მუშაობდნენ ჯიუ-ს რექტორი ელი ელისაშვილი და ჯიუ-ს პროფესორი ლიკა გაბლიშვილი. აღნიშნული სახელმძღვანელო უკვე დაურიგდათ მოსწავლეებს, რომლებმაც წელს საჯარო სკოლებში დაიწყეს ჩინური ენის შესწავლა.
ღონისძიების დასასრულს ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის რიგით მეორე იეროგლიფების წერის კონკურსის გამარჯვებულებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ”,- წერია ინფორმაციაში.