„სინათლეს არა სრულყოფილებაში, არამედ ყოფიერებაში ვეძებ“ – მხატვარი, რომელიც ანგელოზებს ხატავს
ამბობს, რომ ხატვა აბედნიერებს. ცდილობს მხოლოდ კარგი დაინახოს როგორც ხელოვნებაში, ასევე ცხოვრებაში და ალბათ ამიტომაა, რომ თამო გითოლენდიას შემოქმედებაში დიდი ადგილი ანგელოზების თემას უჭირავს. ის მხატვართა კავშირის წევრია და მისი ნახატები უკვე იხილეს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ბოლო დროს მის შემოქმედებაში გაჩნდა ახალი თემატიკა “სიყვარულის კერა”.
– თამარ, როგორც წესი, ხატვის სურვილს და ნიჭს და ბავშვობაშივე ავლენს ადამიანი…
– დიახ, როგორც ყველა ბავშვი, მეც ვხატავდი, მაგრამ დროთა განმავლობაში ხატვის სურვილი უფრო და უფრო იზრდებოდა, ამიტომ როცა პროფესიის არჩევის დრო დადგა სხვა ვარიანტზე არც მიფიქრია. თუმცა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების მერე ძალიან მომეწონა ლოგისტიკის სფერო და მისი ათვისების მერე, ოფისში დავიწყე მუშაობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხატვას ჩამოვშორდი. ყოველთვის ვცდილობდი მქონოდა ისეთი სამსახური, რომელსაც ხატვასაც შევუთავსებდი და გამომდიოდა კიდეც.
– როგორია მხატვარი, რომელიც ანგელოზებს ხატავს?
– ადვილი არ არის საკუთარ თავზე ისაუბრო. მხატვარი, რომელიც ანგელოზებს ხატავს, ამ ხმაურიანი სამყაროსთვის შეუფერებლად ჩუმია. ის საოცარ ხმებს ისმენს იქ, სადაც სხვებს მხოლოდ ხმაური ესმის, ხედავს იმას, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს. მე ვარ მხატვარი, რომელიც სინათლეს არა სრულყოფილებაში ეძებს, არამედ ყოფიერებაში. ჩემი ანგელოზები ძალიან „ადამიანურები” არიან. მჯერა, რომ ანგელოზი თითოეულ ჩვენგანშია და ყოველ დღე ვდგებით იმ არჩევანის წინაშე – სიკეთე ავირჩიოთ თუ ბოროტება.
– იქნებ, ასეთი თემატიკა მკაცრი რეალობის მიმართ გამოთქმული თქვენეული პროტესტია?
– შესაძლოა, ეს ჩემი სათქმელია, რასაც სიტყვებით ვერ გამოვხატავდი. დღევანდელ სამყაროში რეალობა ხშირად მძიმე და უხეშია. ანგელოზები კი ჩემთვის წინააღმდეგობის ფორმად იქცა. ისინი ჩემთვის იმ სივრციდან არიან, სადაც ჯერ კიდევ არის სისუფთავე და სიკეთე…
– სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს რა თემები ჩნდებოდა თქვენს მოლბერტზე?
– აკადემიაში სწავლისას მოლბერტი ჩემი ექსპერიმენტების ადგილი იყო. იმ პერიოდში ძირითადად ნატურიდან ვხატავდი რეალობას, ან კლასიკურ, მარადიულ თემებს. მერე, თავისთავად გამიჩნდა იმის სურვილი, რომ ხილულის მიღმა არსებული სამყაროც დამენახა და მისი გამოსახვის ჩემეული სტილისთვის მიმეგნო. ბოლო დროს უფრო აკრილის საღებავებს ვიყენებ.
– გაიხსენეთ რომელიმე ნახატი, რომლის დახატვის სურვილიც უჩვეულოდ გაჩნდა?
– ასეთია ჩემი ნახატი “საიდუმლო პაემანი”, რომლის დახატვის იდეა გამიჩნდა მაშინ, როცა შემთხვევით არყის ხეების ფოტოს წავაწყდი. ეს ხე ძალიან მისტიკური და სიმბოლურია ჩემთვის, საერთოდ, მიყვარს სიმბოლოები. იმ ფოტოს დანახვაზე მაშინვე არყის ხეების ტყეში წყვილის საიდუმლო პაემანი წარმომიდგა. მათი თვალები იმის სიმბოლოა, რომ სამყაროში არაფერი იმალება, რაც ადრე თუ გვიან არ გამჟღავნდება.
– დღემდე სად გამოიფინა თქვენი ნახატები?
– ბოლო წლებში საკმაოდ აქტიურად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენაში. ჩემი ნახატები უკვე იხილეს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ: ნიუ-იორკსა და საბერძნეთში. მახარებს ის ფაქტი, რომ თანამედროვე ქართველ მხატვართა ჯგუფურ გამოფენებშიც ხშირად ვიღებ მონაწილეობას.
– რომელი ნახატი აღმოჩნდა ყველაზე უჩვეულო ბედის?
– რომელიმე ერთი ნამუშევრის გამოყოფა მიჭირს, თითოეულს თავისი ცხოვრება და ისტორია აქვს. ყოველი მათგანი განსაკუთრებულ გარემოში გაჩნდა და ჩემთვის გამორჩეული განცდა მოაქვს. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მაშინ, როცა ვიცი, რომ ჩემი ნახატი კარგ ხელში მოხვდა. ძალიან მინდა, რომ ახალი მფლობელისთვის ის ბევრი დადებითი ემოციის მომტანი იყოს.
– რომელი მხატვრის შემოქმედებაა თქვენთვის გამორჩეული და ძვირფასი?
– ჩემთვის ასეთი მხატვარი სერგო ფარაჯანოვია. ის თავისუფლების სიმბოლოა, ადამიანი, რომელმაც მოახერხა, რომ საკუთარი ფანტაზია ხელოვნების ენად ექცია იმ ეპოქაში, როცა ეს თითქმის შეუძლებელი იყო. მიხარია, რომ ერთხელ უკვე მივიღე მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენაში, რომელიც სერგო ფარაჯანოვს ეძღვნებოდა.
– სოხუმზე მინდა გკითხოთ, ამ ქალაქზე რაიმე მოგონება ან განცდა თუ შემორჩა თქვენს მეხსიერებას?
– მიუხედავად იმისა, სოხუმიდან რომ წამოვედით მე ხუთი წლის ვიყავი, ეს ქალაქი შეგრძნების დონეზე მაინც დამამახსოვრდა. მახსოვს ზღვის სურნელი და პალმებიანი ლამაზი სანაპირო. ეს მოგონება მუდამ ჩემშია და ვიტოვებ იმედს, რომ ერთხელაც იქნება, იქ დავბრუნდები.
– თქვენი პასუხი მარადიულ კითხვაზე: როგორ გადარჩეს მხატვარი რთულ დროში?
– ამ კითხვაზე ერთი უნივერსალური პასუხი არ არსებობს, მაგრამ ჩემთვის რთულ დროში გადარჩენა ხელოვნებასთან მუდმივ კავშირს გულისხმობს. შესაძლოა, გარემო პირობები იცვლებოდეს, არც სივრცე და დრო იყოს იდეალური, მაგრამ თუ შემოქმედებითი ადამიანი მიუხედავად სირთულეებისა მაინც აგრძელებს ხატვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გადარჩა…
თეონა გოგნიაშვილი



