„რეგალიები და ტიტულები ხელოვანს უცხოეთში ეხმარება, საქართველოში ადამიანობაა მთავარი“-მხატვარი რომელმაც თავისი კუთხე მსოფლიოს გააცნო

მან შეძლო და დღევანდელ ქაოსურ სამყაროში საკუთარი თავი ეპოვა და არავისთვის მიებაძა. მერე კი, ევროპაში წლობით ცხოვრების მერეც, არ გადასხვაფერებულიყო და თავისი პატარა ქვეყანა და კუთხე მსოფლიოსთვის გაეცნო. როდესაც ათი წლის ასაკში სამხატვრო კონკურსში გაიმარჯვა, მაშინ ალბათ ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა წლები და თვითნასწავლ, ნიჭიერ მხატვარს, ლევან მოსიაშვილს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღიარებდნენ. სამყარო კი მის პატარა სამშობლოსა და კუთხეს, უჩვეულო ფერებითა და ფორმებით შექმნილი მისი ნახატებით გაიცნობდა…                 

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ 2008 წელს ლევან მოსიაშვილს ამ ქვეყანაში ცხოვრება და მუშაობა შესთავაზა. მისი პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს გაიმართა: პარიზში, ლიონში, ნიცაში, ტულუზაში, პერუჟში, ტურნეფიოესა და ვერდიეში. მისი ნახატები ინახება კერძო კოლექციებში საქართველოში, რუსეთში, ევროპის ქვეყნებში, აშშში, ბრაზილიაში, ჩილეში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და ჩინეთში. საფრანგეთის სხვადასხვა სივრცეების გარდა, მისი სურათები გამოიფინა: პენტაგონის ცენტრალურ ოფისში, პრაღის ეროვნულ მუზეუმში და ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეის დირექტორატში.

მასთან საუბარი ყოველ ჯერზე საინტერესო, სასიამოვნო და აღმოჩენებით სავსეა, რადგან როგორც ნახატებში, არც საუბარში ცდილობს ხოლმე, საკუთარი თავი აღმატებით ხარისხში წარმოაჩინოს, რადგან მისთვის მთავარი ხელოვნების ფორმით გამოსახული სინამდვილე და სიმართლეა…

– ბატონო ლევან, ეს პირველი ინტერვიუა, რომელსაც თქვენგან საქართველოში ვიღებ. მაინტერესებს, სამუდამოდ დაბრუნდით?

– სამუდამოდ დავბრუნდი მეთქი, რომ ვთქვა და საფრანგეთში აღარაფერს ვაპირებ, ტყუილი იქნება. საფრანგეთში ჩემი ევროპელი მენეჯერი გამოფენების თემაზე მუშაობს. თავადაც შემიძლია საფრანგეთში ჩავიდე და მოღვაწეობა იქ გავაგრძელო, მაგრამ ამ ეტაპზე საცხოვრებლად ვარჩიე უფრო მშვიდი გარემო, სადაც რაღაცას ვქმნი და ვაკეთებ. ასეთი კი საქართველოა, კონკრეტულად, კახეთი…

– ფერწერაში საკუთარი სამყარო შექმენით და ექსპერიმენტებსაც არ ერიდებით…

– თუკი მხატვარს არ აქვს ფანტაზია და რაიმე იდეაფიქსი, ის მხატვარი ვეღარ იქნება. ყოველთვის მაინტერესებს ახალი მიმართულებების ძიება, ახალი სტილი, თემები და ექსპერიმენტები. ყოველთვის ჩემთვის ვხატავდი და ვხატავ, ჩუმად, არა „სამღერლად“. პირველ რიგში, მე უნდა მომეწონოს. ამ ნახატების პირველი მნახველები ოჯახის წევრები არიან. მათი რეაქციები ძალიან მაინტერესებს და ბავშვურად მიხარია, როდესაც მათ სახეზე ღიმილს ვხედავ.

– თანამედროვე ფრანგებს, შეიძლება ითქვას, არა მარტო გააცანით კახეთი, შეაყვარეთ კიდეც…

– კი, ნამდვილად ასე გამოდის, ყველაზე უცნაური ისაა, რომ საფრანგეთში ჩემ ნამუშევრებზე უფრო დიდი მოთხოვნა ქართულ, კონკრეტულად კახურ თემატიკაზეა, ნახატებზე, სადაც ჩვენი ფოლკლორია ასახული. წლების წინ, საფრანგეთში რომ ჩავედი, ფრანგული პრესა წერდა: ჩამოვიდა უცნობი ქართველი თავის ნახატებითო. იქ მე ჩემი ქართული სული გამოვფინე და მათზე ქართველი გოგო-ბიჭების პორტრეტები და ქართული პეიზაჟებია. რადგან საფრანგეთი სიყვარულის ქვეყანაა და სიღნაღი – სიყვარულის ქალაქი, მინდა, რომ მომავალმა თაობებმა ამ ხიდზე სიარული დაიწყონ.

– თქვენი ნახატები ძალიან ბევრჯერ და ბევრგან იყო გამოფენილი, ახლო მომავალში საქართველოშიც ხომ არ გაქვთ დაგეგმილი გამოფენა?

– დიახ, საინტერესო მიმართულებით ვიშრომე და უამრავი გამოფენა მქონდა. ჩემი ნახატები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იყო გამოფენილი. განსაკუთრებით მიხარია, როდესაც საქართველოში მაქვს ხოლმე გამოფენა, შარშან აჭარის ეროვნულ მუზეუმში მქონდა. ჩემი 229-ე გამოფენა ქუთაისში ჩატარდა. 230-ე გამოფენას კახეთი უმასპინძლებს. კონკრეტულად თუ სად ჩატარდება, მოდი, ეს სიურპრიზად დარჩეს…

– რა არის ის, რასაც საფრანგეთში მოისაკლისებთ ხოლმე?

– საქართველოში ლაღად ვარ, რადგან თამამად შემიძლია გული გადაგიშალოთ და ჩემი ფერწერა გაჩვენოთ. რეგალიები და ტიტულები ხელოვანს უცხოეთში ეხმარება, საქართველოში კი ადამიანობაა მთავარი. ალბათ, მსოფლიოში კახეთზე უკეთესი ადგილი არ მოიძებნება, რადგან აქ გულით დაგლოცავენ და წარმატებასაც გულწრფელად გისურვებენ. სამყაროში მუდმივმა მოგზაურობამ არ მინდა საქართველო გადამავიწყოს. ალბათ, ქართველების ნომერ პირველი ამოცანა და გამოცანაა, თუ როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე და საით უნდა ვიაროთ. ვცდილობ, რომ ამ საკითხს ჩემი ფერწერით ვუპასუხო. ისე, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რომელიმე უნივერსიტეტში „ადამიანური ურთიერთობების“ ფაკულტეტს გავხსნიდი…

– მსგავს ფაკულტეტზე სიამოვნებით დავსაქმდებოდი, ვიცი ეგ „საგანი“…

სხვათა შორის, თქვენც დიდ საქმეს აკეთებთ, რადგან ჟურნალისტიკა ადამიანების დასაახლოებლად გადებული ხიდია, რადგან სიტყვას დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება, მხატვრებს, ძალიან მინდა, რომ ბევრი არსებობდეს უფასო საგამოფენო სივრცე, სადაც შეეძლებათ ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონდეთ.

– ასეთი სურვილი ნიკალასაც ჰქონდა: „ერთი დიდი სამოვარი დავდგათ, ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზეო“…

– დღეს უფრო საჭიროა ისეთი ადგილია, სადაც მხატვრები შეიკრიბებიან და რაღაც ღირებულს შექმნიან. საერთოდ მეტი ურთიერთობაა საჭირო ყველაფერში, კომერცია არ არგებს ადამიანს, სამყაროს გადასარჩენად მეტი სულიერება და სისუფთავეა საჭირო.

სიტყვამ მოიტანა და, ვიცი, რომ თქვენ მეორე და თანამედროვე ფიროსმანს გეძახიან…

– ნიკალას სული ცოცხალია და იმიერი სამყაროდან გვეხმარება. თუმცა მისი „სკოლა“ შინაგანად ყველა ქართველს აქვს გავლილი. პიკასოს დავესესხები, ის ამბობდა – ნეტავ, ბავშვურად ხატვა შემეძლოსო. დიდი ბავშვი ყველა ჩვენგანში ცხოვრობს და ამ უმწიკლო, საყვარელ ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ..

– ალბათ ბევრმა არ იცის, რომ პროფესიით ბიოლოგი ხართ და ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი გაქვთ. ოდესმე პროფესიით დასაქმება თუ გიცდიათ?  

– ბიოლოგიის მეცნიერებათა ღრმად ცოდნამ ფაუნის შესწავლამდე მიმიყვანა. ადრე მეგობრები სულ მეკითხებოდნენ: კომერციას რატომ არ ეწევიო? ჰოდა, დავუჯერე და მეხუთე წელია, რაც მამულში თევზსაშენი საცდელი მინიმეურნეობა გავხსენი. თუმცა ვგრძნობ, რომ ეს ჩემი არ არის. მეგობრებმა დიდი ბლოკნოტი წინასწარ მაჩუქეს – ნისიებზე გამოგადგებაო, მაგრამ მსურველებს თევზებს ხშირად ვაჩუქებ ხოლმე და ამით უფრო დიდ სიხარულის განვიცდი, ვიდრე კომერციით. ბუნებასთან სიახლოვე ძალიან კარგი რამაა. ნახევარი საუკუნის შემდეგ საკუთარ თავს იმის უფლება მივეცი, რომ ცოტა გავხალისდე…

– ალბათ თევზებსაც თქვენეულად, უჩვეულოდ, ხატავთ…

– რამდენჯერაც ჩემი თევზი დავხატე, მეგობრებმა ის ნახატი იმდენჯერ იჩუქეს. ისინი ნახატებზე რჩებიან და ჩემს ამბავს, ანუ მხატვარ მეთევზეზე ისტორიას ყველას უყვებიან.

– ოქროს თევზი რომ დაიჭიროთ, რა სთხოვთ?

– ოქროს თევზს ვთხოვდი ქართველები ისევ ისეთი მოღიმარი დამანახვოს, როგორც ბავშვობიდან მახსოვს. კიდევ, ოქროს თევზს ვთხოვდი, რომ ყველა მხატვარს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ბევრი ხატოს და თავის ნაშრომს იოლად არ შეელიოს.

– და მაინც, რა არის ის, რაც ყოველ ჯერზე უკან გაბრუნებთ?

– ჯერ იმას გეტყვით, რომ მისასალმებელია ჩემი ქვეყნის სწრაფვა ევროპული ღირებულებებისაკენ, მაგრამ ამასთან ტრადიციული ღირებულებებიც არ უნდა დავივიწყოთ. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე აქეთ ჯობია საქმის კეთება, რადგან ჩვენთან უფრო მარტივად და საინტერესოდ გამოდის. იმ სამყაროში კი, დამიჯერეთ, სამწუხაროდ, ბიუროკრატია სჯაბნის ინიციატივას. ის რაც ყოველთვის გიზიდავს საქართველოში და უკან გაბრუნებს, სულიერება და ის დიდი ღრმა ფესვებია, რომლითაც ნამდვილად ღირს, რომ ვამაყობდეთ და რაც მსოფლიოს ქვეყნებს, ევროპას ასე დააკლდა. ერთმანეთის გვერდში დგომა, გადაძახილი და სიძნელეების ერთად გადალახვა – ეს ყველაფერი აქ უფრო ხვდება თვალს და გულსაც უხარია…

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები