რამ გამოიწვია მართლმადიდებლური ეკლესიისადმი ამერიკელების მზარდი ინტერესი-მაია ჯანაშია სმიტის წიგნი ,,ცხონებისკენ მიმავალი დაკარგული ბილიკი”
ქართველმა ემიგრანტმა მწერალმა მაია ჯანაშია სმიტმა, რომელიც ჩრდილო კაროლინაში ცხოვრობს, დაასრულა მუშაობა წიგნზე “ცხონებისაკენ მიმავალი დაკარგული ბილიკი“. მისი დაკვირვების თანახმად, ბოლო წლებში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მართლმადიდებლური ეკლესიისადმი მზარდი ინტერესი შეინიშნება, რასაც თავისი ახსნა და წინაპირობა ახლავს. მისი მოსაზრებით, თანამედროვე ამერიკულ საზოგადოებაში ღრმა შინაგანი საჭიროებიდან გამომდინარე, სულიერი სიმშვიდის ძიება უფრო აქტუალური გახდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არ გახლავთ მაია ჯანაშია სმიტის პირველი წიგნი. მანამდე, ამერიკაში, ბედნიერებისა და წარმატების მაძიებელი ქალბატონებისთვის მან გამოსცა წიგნი „ინტერნეტ–პატარძლიდან ბიზნეს–ლედიმდე“, რომელიც შეიძლება თქვას, გარკვეულად, ამერიკელი ქალბატონების იღბლიანი ცხოვრების სახელმძღვანელოდაც კი იქცა, რადგან მისი მართლა ირწმუნეს და დაიჯერეს.
– ქალბატონო მაია, მოდი, თავიდან მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი ამერიკული ცხოვრება, რა უძღოდა წინ თქვენი მეორე წიგნის დაწერას?
– ამერიკაში მაცხოვრის ნებამ და მამა დავითის ლოცვა-კურთხევამ ჩამომიყვანა. აქ ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. მართალია, აქ პატარა ქალაქში ვცხოვრობ და არა ნიუ-იორკში, მაგრამ ცხოვრების ტემპი მაინც ძალიან სწრაფია. არც მეგობარი მყავდა, არც ნაცნობი და ნათესავი. ქრისტიანი ქალის პრიორიტეტი კი ოჯახი, სიყვარული და სიმშვიდეა. მალე, ღმერთმა სიყვარულიც მომივლინა. შემდეგ ამერიკაში ჯანმრთელობისა და წარმატებული ცხოვრების კონსულტანტის სერტიფიკატი ავიღე. რთულია, ამ გადარეული ტემპისა და უცნაური სტანდარტების ქვეყანაში ხალხს სულიერებაზე ელაპარაკო. ამჟამად დავასრულე მეორე წიგნი, რომელიც სწორედ სულიერებასა და ქრისტიანულ რწმენაზეა.
ამერიკაში, ამ ოცი წლის განმავლობაში ბიზნესის კუთხით პირადი განვითარების დიდი გზა განვლე. დღეს უძრავი ქონებისა და სამშენებლო ფირმა მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ეკლესიისა და სულიერი ცხოვრების გარეშე არაფერია შესაძლებელი. რელიგიურ თემასაც სწორედ ამიტომ შევეჭიდე.
– თქვენი აზრით, ბოლო დროს, ამერიკაში, მართლმადიდებლური ეკლესიისადმი მზარდი ინტერესი რით არის გამოწვეული?
– დიახ, ჩემი დაკვირვებით, ბოლო დროს, ჩრდილოეთ კაროლინაში მართლმადიდებლური ეკლესიისადმი ამერიკელების მზარდი ინტერესი შეინიშნება. ადგილობრივი სერბული, ანტიოქიური და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ მრევლი ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალ წევრებს შორის სულ უფრო მეტი ამერიკელია, რომლებიც ნამდვილად არ არიან მართლმადიდებლურ ტრადიციებზე აღზრდილი.
– ეს ტენდენცია, პირველ რიგში, ალბათ, თავად ეკლესიის მსახურებმა შეამჩნიეს…
– ეკლესიის სულიერი მოძღვრების მოსაზრებით, ეს ზრდა აქტიური მისიონერული კამპანიების შედეგი არ არის. მოგეხსენებათ, ეკლესიები რეკლამას ნამდვილად არ მიმართავენ, ადამიანები ეკლესიებში თავისი ნებითა და სურვილით მოდიან – სულიერების ძიების, შინაგანი კითხვებისა და რწმენის გაღრმავების სურვილით. სასულიერო პირები აღნიშნავენ, რომ ეკლესიაში პირველად სწორედ ლიტურგიის გავლენით რჩებიან. მართლმადიდებლური ღვთისმსახურება თავისი სიმშვიდით, გალობითა და ღრმა სიმბოლიზმით სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მათ, ვინც აქამდე სხვა ქრისტიანულ კონფესიებს ეკუთვნოდა ან ეკლესიისგან შორს იყო.
– შესაძლოა, ამგვარი ინტერესის მიზეზი დოგმატური სტაბილურობაც არის?
– დიახ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელსაც სულიერი მოძღვრები ასახელებენ, დოგმატური სტაბილურობაცაა. თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც ქრისტიანული სწავლებები ხშირად იცვლება, სოციალური და კულტურული ტენდენციების გავლენით, ბევრი ადამიანი ეძებს ეკლესიას, რომელიც რწმენას უცვლელად ინარჩუნებს. მართლმადიდებლური ეკლესია კი მათთვის სწორედ ასეთ სივრცედ აღიქმება.
– გარდა ამისა, ჩვენს აფორიაქებულ სამყაროში ადამიანი ეკლესიაში სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად მიდის…
– ახალგაზრდებში აქ სასოწარკვეთილი განწყობა და მარტოობისკენ სწრაფვა შეიმჩნევა. სერბულ და ანტიოქიურ მართლმადიდებლურ თემებში სწორედ სიმშვიდე და ოჯახური ატმოსფეროა თვალშისაცემი. ახალმოსულებს აქ არავინ აჩქარებს და არ აიძულებს გადაწყვეტილების მიღებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ სულიერ თავშესაფარს.
– ყოველივე ეს თქვენთვის გახდა იმის წინაპირობა, რომ ამ თემაზე უფრო ვრცლად დაგეწერათ. იქნებ, მკითხველს მოუყვეთ თქვენს წიგნზე?
– ამ პროცესებზე დაკვირვებამ და ეკლესიის მოძღვრებთან ხშირმა საუბარმა იმისკენ მიბიძგა, რომ საკუთარი ხედვა წერილობით ჩამომეყალიბებინა. სწორედ ამ გამოცდილების შედეგად დაიწერა ჩემი წიგნი „ცხონებისაკენ მიმავალი დაკარგული ბილიკი“, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოვა და Amazon-ის პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი. წიგნი ეხება მცდარ სწავლებებსა და იმ ქრისტიანულ იდეოლოგიებს, რომლებიც, ავტორის აზრით, ბევრ ამერიკელ ქრისტიანს არასწორი სარწმუნოებრივი აღქმისკენ უბიძგებს. ნაშრომში ვეცდები, რომ დაინტერესებულ მკითხველს გასაგები ენით ვაჩვენო ის სულიერი „საცალფეხო ბილიკი“, რომელიც ქრისტიანმა ეკლესიის გავლით უნდა გაიაროს, რადგან გამრუდებული სწავლებები ადამიანს ცხონების გზიდან აშორებს.
– თქვენი აზრით, როგორ მიიღებს ამ წიგნს ამერიკული საზოგადოება?
– დანამდვილებით ვერ გეტყვით როგორ მიიღებს. ჩემი მთავარი მიზანი არა ფართო საზოგადოებაში ამ თემის პოპულარიზაციაა, არამედ სიმართლის მაძიებელ ქრისტიანებთან საუბარია. თუკი ამ წიგნის წაკითხვის მერე ერთი ადამიანიც კი დაინტერესდება მართლმადიდებლური ეკლესიით, ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იქნება. აღსანიშნავია, რომ წიგნი დაიწერა სულიერი მამის, მამა იაკობ მესტვირიშვილის ლოცვა-კურთხევითა და დარიგებებით. ასევე მისი კურთხევით. ბოლოს, გეტყვით, ჩემი დიდი სურვილია, რომ წიგნის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის მთელი თანხა საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდეს. იმედია, ღმერთის წყალობით, ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ჩავიფიქრეთ…
თეონა გოგნიაშვილი




