თურქეთის რესპუბლიკაში ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი „ვენახი“ დაფუძნდა
თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალურ სტრუქტურაში ასოციაციის სახით ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი „ვენახი“ დაფუძნდა.
ცენტრის მიზანია:
- სტამბოლის ედირნექაფის წმიდა გიორგი კაბადოკიელის სახელობის ქართულ სამრევლოსთან თანამშრომლობით თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის გაერთიანება;
- ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და განმტკიცება;
- ეროვნული და სახელმწიფოებრივი დღესასწაულების პოპულარიზაცია;
- ქართული საუკუნოვანი ტრადიციებისა და კულტურის თანამედროვეობასთან შერწყმითა და ადგილობრივ კულტურასთან თანაცხოვრებით გამდიდრება და ენის, რწმენისა და კულტურის, როგორც გამაერთინებელი ფაქტორის უკეთ წარმოჩენა;
- საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობა და ერთმანეთის მხარდაჭერა.
„გიზიარებთ სასიამოვნო სიახლე: ბევრი შრომის, მოთმინების, სირთულეებისა და წინააღმდეგობების გადალახვის შემდგომ, 5 წლის თავზე, ჩვენი აქ, სტამბოლში (თურქეთი), ყოფნა კიდევ უფრო მტკიცე ხდება და მყარ ლეგალურ ფორმებს იძენს.
“ვენახი – ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი” – დიახ! სწორედ ამ სახელით მივიღეთ რეგისტრაცია. “ვენახი” შემთხვევით არ შეგვირჩევია – “მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი” (ინ.15:1) – ამბობს მაცხოვარი და სიმბოლურად აიგივებს თავის თავს ვენახთან. ქართულ კულტურაში კი, ვენახი არის სიცოცხლის, ნაყოფიერების, ოჯახის უწყვეტობისა და სულიერი კავშირის სიმბოლო. იგი აერთიანებს მიწას, შრომას, რწმენასა და ეროვნულ იდენტობას.
ჩვენი, არა როგორც მხოლოდ სამრევლოს, არამედ ასევე ქართული კულტურის ცენტრის მოკრძალებული სურვილია, სწორედ ამ უკანასკნელის, სულიერებისა და კულტურის ერთობა უცხო მიწაზე.
ჩვენი ეს ერთობა უკვე ხილული მოცემულობაა ამ ორგანიზაციის სახით, რომელიც ეფუძნება თურქეთში არსებულ სტამბოლის ქართველთა სათვისტომოსა და კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს ერთობას. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. სირთულეებით მოვედით აქამდე და ველით უფრო რთულ გამოწვევებსაც.
მადლობა ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის აქამდე ერთობით მოსვლაში, ვინც ახლა გაიგო ეს სიახლე და სიხარულით შეხვდა (აუცილებლად გვექნება პრეზენტაცია და მივიღებთ წევრებსაც), მადლობა ყველა გულშემატკივარს, კეთილისმყოფელს, შორიდან შემომყურესა და დაეჭვებულთაც 🙂
კვლავ, ეს მხოლოდ დასაწყისია და უფრო მეტს გაიგებთ მომავალ წელს 🙂 ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!“, – ნათქვამია კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.