ქართული ღვინის მორიგი დეგუსტაციები აშშ-ში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და პარტნიორი ამერიკული კომპანიის „CORUS SYSTEMS INC.” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები ნიუ-იორკისა და კონექტიკუტის შტატებში, რვა უმსხვილესი სუპერმარკეტის ქსელში გაიმართა.

თითოეული ღონისძიების ფარგლებში, სუპერმარკეტებსა და გაყიდვების ობიექტების საპრომოციო ღვინოებისთვის განკუთვნილ სივრცეში, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა კომპანიის ხუთი სახეობის ქართული ღვინო.

„„CORUS SYSTEMS INC.”-ის ორგანიზებით, მაისის, ივნისის, სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში, ქართული ღვინის 100-ზე მეტი წარდგენა გაიმართა, დეგუსტაციები გრძელდება დეკემბერშიც.

მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ორიენტირებულია მომხმარებელზე და  მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობაა.

დეგუსტაციების პარალელურად, ბოლო 3 თვეში, აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა არაერთ ღონისძიებაზე გაიმართა: ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციაზე „Wines of Georgia Grand Tasting“ (ლოს-ანჯელესი), ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „Karakterre“ (ნიუ-იორკი), ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Orange Glou Fair“ (ნიუ-იორკი), ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალზე „Amber Georgia” (ნიუ-იორკი), ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „RAW Wine NYC” (ნიუ-იორკი), „San Diego Food + Wine Festival“ (სან-დიეგო), ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ – „V is for Vino“ .

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან მიმდინარე მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ქართული ღვინის ცნობადობის, ისე ექსპორტის ზრდას აშშ-ში:, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები