ბათუმში მესამე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი“ მიმდინარეობს
ბათუმში მესამე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი“ მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფორუმის პირველი დღე პანელურ დისკუსიებს დაეთმო, რომელშიც ფრანგი, იტალიელი, პორტუგალიელი მიშლენის ვარკვლავოსანი შეფები ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად მონაწილეობდნენ. წელს, ფორუმის მთავარი თემაა „ზღვის პროდუქტების ახალი შესაძლებლობები, თევზეულის ტრადიციები და შავი ზღვის იდენტობა“.
„პანელური დისკუსიების დასასრულს, ფორუმის სტუმრებს ცნობილმა პორტუგალიელმა შეფმა ვასკო კოელიო სანტოშმა სპეციალური მენიუ შესთავაზა. მან ადგილობრივ მზარეულებთან ერთად კერძები ლაზური სამზარეულოს ინსპირაციით მოამზადა.
წელს, „გასტრო ბათუმის“ მთავარი სპიკერები იყვნენ მიშლენის ვარკვლავის მფლობელი რესტორნების შეფები და რესტორატორები. მათ შორის გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტი ვიტორიო კასტელანი, მიშლენის ვარკვლავოსანი შეფები ვასკო კოელიო სანტესი, ჟულიენ ჰენოტი, ასევე საფრანგეთის კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის „FERRANDI Paris“ შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი და თევზის დამუშავების მსოფლიოს დონის სპეციალისტი არნაუდ ვანჰემი. ადგილობრივ სპიკერებს შორის იყვნენ გურამ ბაღდოშვილი, ირაკლი თოდაძე, ეკატერინე ნინიძე და გიორგი ნინუა.
დღეს და ხვალ, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები ადგილობრივი მზარეულებისთვის ჩაატარებენ თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მასტერკლასებს. ფორუმის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან მასტერკლასებში, პანელურ დისკუსიებში, თემატურ დეგუსტაციებში და სამუშაო შეხვედრებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს შავი ზღვის აკვაკულტურის განვითარების შესაძლებლობებს, ადგილობრივი თევზეულის პოპულარიზაციას და მის გამოყენებას თანამედროვე მდგრად გასტრონომიაში. ფორუმის ფარგლებში ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადებაც. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია”,- წერია ინფორმაციაში.