საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პოლონეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და როუდშოუებზე გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთში, ვარშავაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITTF Warsaw მიიღო მონაწილეობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთიანი საპრომოციო სტენდით 4 ქართულ კომპანიასთან ერთად იყო წარდგენილი.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები მოეწყო. მოლაპარაკებები შედგა პოლონურ კომპანიებთან ტურისტული პაკეტების მომზადებისა და საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანის მიზნით.
ITTF Warsaw-ის დასრულების შემდეგ, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთის სამ ქალაქში, საპრომოციო „როუდშოუები“ მოაწყო. ვარშავაში, ლოძსა და ვროცლავში პოლონელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის მიზანია პოლონეთში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა საქართველოში.