„საქართველო – პატარა ქვეყანა დიდი საგანძურით“, – ქართული ღვინის წარდგენა შანხაიში გაიმართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში ProWine Shanghai, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გაიმართა ქართულ ღვინის მასტერკლასი-დეგუსტაცია სახელწოდებით “Georgia – Small Country with Big Treasures“ (საქართველო – პატარა ქვეყანა დიდი საგანძურით), რომელსაც ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი (Fongyee Walker) უძღვებოდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ცხრა ქართული კომპანიის ღვინოები.
“საერთაშორისო ფორმატის „ProWine” გამოფენები წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებიც ახალ კონტაქტებს ამყარებენ, მათ შორის, იმპორტიორებთან, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. „ProWine”-ის მთავარ გამოფენას დუსელდორფი მასპინძლობს; წლის განმავლობაში კი, გამოფენები იმართება ტოკიოში, შანხაიში, მუმბაიში, სინგაპურში, ჰონკონგში და სან-პაულუში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო „ProWein“-ის გამოფენებზე გერმანიაში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ჩინეთში.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 2,45 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმოდგენილი იყო გამოფენებზე: ,,Fine Wine Hotel Exhibition”, „The China Food & Drinks Fair“, ,,RAW Wine Shanghai”, „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) და „Interwine China 2025“”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.