საქართველოს 20 და 23 წლამდე ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან 30 მედლით დაბრუნდა
საქართველოს 20 და 23 წლამდე ძალოსანთა ნაკრები დურესის (ალბანეთი) ევროპის ჩემპიონატიდან მედლებით დახუნძლული დაბრუნდა. ორივე ასაკობრივმა გუნდმა ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მთლიანობაში 30 მედალი მოიპოვა, მათ შორის 12 ოქროსია, 11 ვერცხლის და 7 ბრინჯაოსი. შესაბამისი მაჩვენებლით საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. ასევე მესამე ადგილი ერგო ორჭიდის ჯამში მოპოვებული მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლით (4-4-2).
20 -წლამდელებიდან ატაცის, აკვრისა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები დაისაკუთრეს ლევან ოჩიგავამ (88 კგ) და გოგა ჯაჯვანმა (94 კგ). ორჭიდის შედეგად ვერცხლის მედალოსანი გახდა გიგა ოდიკაძე (60 კგ), რომელმაც აკვრაში ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.
ცალკეულ მოძრაობებში ვერცხლის მედალოსანი გახდა გერვასი თაბაგარი (94 კგ). მან საპრიზო ადგილის დაკავება აკვრაში შეძლო. ამავე მოძრაობაში ბრინჯაოს მედალი ერგო ირაკლი ვეკუას (+110 კგ).
20 წლამდე გოგონათა ნაკრებიდან ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლებით დაასრულა ასპარეზობა მარიამ მურღვლიანმა (+86 კგ). ორჭიდში ასევე ვერცხლის მედალი დაიმსახურა ნანა ხორავამ (77 კგ). მას ვერცხლის ჯილდო ერგო ატაცშიც.
23-წლამდელთა გუნდიდან განსაკუთრებით შედეგიანი გამოდგა 88 კილოგრამ წონითი კატეგორია. ორჭიდში ჩემპიონობა იზეიმა ზურაბ მსხალაძემ (88 კგ), რომელიც ასევე საუკეთესო იყო ატაცში. მსხალაძეს აკვრაში მესამე ოქროს მედლის მოპოვებაში ხელი შეუშალა თანაგუნდელმა მანუჩარ გოგოხიამ, რომელიც ატაცში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა, ორჭიდის ჯამში – ვერცხლის მფლობელი.
ორჭიდის შედეგად მესამე ადგილი დაიკავა საბა ასანიძემ (94 კგ), რომელიც ასევე მესამე იყო აკვრაში.
ატაცსა და აკვრაში ვერცხლის, ორჭიდის ჯამში კი ბრინჯაოს მედალოსანი გახდა გურამ ვეკუა (+110 კგ).
23 წლამდე გოგონათა ნაკრებიდან საუკეთესო იყო ნათია გადელია (+86 კგ), რომელსაც ატაცში მესამე შედეგი ჰქონდა, აკვრაში – საუკეთესო, ორჭიდის ჯამში კი ჩემპიონი გახდა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.