22 ოქტომბერს ოზურგეთში „ალეგრობა 2025″ გაიმართება
22 ოქტომბერს ოზურგეთში „ალეგრობა 2025″ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
„15:00 საათიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ჭადრების პარკში გაიმართება:
- ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
- გურული კერძების მასტერკლასი და დაგემოვნება;
- ღვინის კუთხე და დეგუსტაცია;
- საბავშვო გასართობი სივრცე (ანიმატორები, დრამერები, ზღაპრის გმირები, დიდ ეკრანზე მულტფილმების ჩვენება);
- ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავის ყვავილებით შემკობა;
- ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი;
- 18:00 საათი – ოზურგეთის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება;
- 20:00 საათი – კონცერტი ჯგუფ „ურსას” და DJ გიგა პაპასკირის მონაწილეობით.
გელით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ტრადიციული სახალხო დღესასწაული!”,- წერია ინფორმაციაში.
ალეგრობა გურიაში ჯერ კიდევ მე -18 საუკუნიდან, გურიის უკანასკნელი მთავრის , მამია V გურიელის დროიდან აღინიშნებოდა. „ალეგრობა” , როგორც სახალხო სანახაობა, გურიაში ძველთაგანვე საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. იმ დღეს თითოეული ოჯახი სურსათ-სანოვაგით შეეწეოდა ხოლმე ორგანიზატორებს , ლატარიიდან შემოსული თანხაც მთლიანად საზოგადოებრივ – საქველმოქმედო დანიშნულებით იხარჯებოდა. ქალაქის გარდა, „ალეგრობა” სოფლებშიც იმართებოდა და განსაკუთრებით განთქმული იყო ბახვის, ლიხაურის, შემოქმედის, კვირიკეთის „ალეგრობა”.