კანოე-კაიაკის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ცხრა მედალი მოიპოვეს
კვიპროსში კანოე-კაიაკით ასპარეზობაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ქართველმა სპორტსმენებმა ცხრა მედალი – ექვსი ოქრო და სამი ბრინჯაო მოიპოვეს.
ერთადგილიანი კაიაკით სენიორებში 200-მეტრიან დისტანციაზე ჩემპიონობა იზეიმა ნიკა ოდიშელიძემ, ამავე დისტანციასა და კატეგორიაში კი ბრინჯაოს პრიზიორი ბადრი ყაველაშვილი გახდა. ასევე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 500-მეტრიან დისტანციაზე ნიკა ოდიშელიძე.
ორადგილიანი კაიაკით სენიორებში 500-მეტრიან დისტანციაზე ბრინჯაოს პრიზიორები კვლავ ნიკა ოდიშელიძე და ბადრი ყაველაშვილი გახდნენ.
ერთადგილიანი კანოეთი სენიორებში 200-მეტრიან დისტანციაზე ჩემპიონობა ალექსანდრე წივწივაძემ იზეიმა.
ერთადგილიანი კანოეთი ვაჟთა კატეგორიაში 200-მეტრიან დისტანციაზე ოქროს მედალი მოიპოვა საბა მალანიამ, მან ასევე ჩემპიონობა იზეიმა 500-მეტრიან დისტანციაზეც.
ერთადგილიანი კანოეთი იუნიორთა კატეგორიაში 200-მეტრიან დისტანციაზე ჩემპიონობა იზეიმა მანანა პეტრიაშვილმა, ის ასევე 500-მეტრიან დისტანციაზეც ჩემპიონი გახდა.
ტურნირზე, რომელშიც 20 ქვეყნის 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.