ქართველი რეჟისორის აღიარება მილანის საერთაშორისო ფესტივალზე
ქართველი კინორეჟისორის, გოგი თორაძის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი “ანა“, რომელიც პარატაეკვანდოისტ, ანა ჯაფარიძეზეა, მილანის სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის 2025 წლის გამარჯვებული და პრიზიორი გახდა. ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი მილანელმა მაყურებელმა ცხრა ოქტომბერს, “Palazzo Lombardia”-ში იხილა.
ბატონი გოგი საქართველოს კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტია. მილანის სპორტული ფილმების ფესტივალი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ყოველი წლის ბოლოს ტარდება და მასში დაახლოებით 130 ქვეყანა მონაწილეობს. აქვე გეტყვით, რომ ეს არ არის ქართველი რეჟისორის პირველი გამარჯვება ამ ფესტივალზე.
– ბატონო გოგი, ცნობილია, რომ მილანის საერთაშორისო ფესტივალზე საკმაოდ დიდი და სერიოზული კონკურენციაა, ამიტომ თავიდანვე გკითხავთ, ელოდით ამ გამარჯვებას?
– გამარჯვების სურვილი სულ მაქვს, მაგრამ ამას ყოველთვის ღმერთი და კომპეტენტური ჟიური წყვეტს. ფინალში გასვლას კი ველოდი. ჩემი ყველა ფილმის პრემიერის დროს, როგორც ემოციური ადამიანი, ბუნებრივია, ძალიან ვღელავ ხოლმე. მით უმეტეს როცა პრემიერა იმართება უცხოეთში, სადაც ქვეყნის იმიჯის შექმნა მნიშვნელოვანი საქმეა. ამიტომ ფესტივალზე გამარჯვება ეს საქართველოს გამარჯვებაცაა, რაც თავისთავად დიდი ბედნიერებაა…
– მკითხველს აქვე შევახსენებ, რომ ეს არ არის თქვენი პირველი წარმატება, რადგან თქვენი ფილმები მილანის ფესტივალის ფინალისტი და პრიზიორი არა ერთხელ გამხდარა...
– დიახ, მართალს ბრძანებთ, ეს ამ ფესტივალზე ჩემი მესამე გამარჯვებაა. პირველი წარმატება წილად ხვდა ფილმს ქართული ფეხბურთის ისტორიაზე, რომლის წამყვანიც ცნობილი მსახიობი, კახი კავსაძე იყო. მეორე გამარჯვება ძმები არველაძეების ისტორიას მოგვითხრობს. მესამედ კი ამ ფესტივალის ლაურეატი გახდა ფილმი „ანა“, რომლის მთავარი გმირიც პარაოლიმპიელი ანა ჯაფარიძეა.
– ასევე გამორჩეულად თბილად მიიღო მაყურებელმა თქვენი ფილმი ცნობილ კომენტატორზე, ჯამლეტ ხუხაშვილზე…
– ჩემი ფილმის „ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი“ ჩვენებას თავის დროზე ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მაშინ კიდევ ერთხელ გახდა ცხადი ის ფაქტი, თუ რამდენად პოპულარული იყო ხალხში ეს პიროვნება. მახსოვს ფესტივალის გაოცებულმა ორგანიზატორებმა როგორ განაცხადეს, რომ ამდენი მაყურებელი ბევრ მხატვრულ ფილმს არ ჰყოლიაო.
– წლევანდელი ტრიუმფატორი ფილმის გადაღების იდეა როდის გაგიჩნდათ?
– ეს ფილმი პარიზის, 2024 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ, მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულ პარაოლიმპიელზე ტაიკვანდოში, ანა ჯაფარიძეზეა. ფილმის გადაღებას საფუძვლად დაედო რეალური ისტორია, რომელიც პარიზის ოლიმპიადაზე მოხდა. მაშინ ანას ბრინჯაოს მედალი გადასცა ცნობილმა მსახიობმა ჯეკი ჩანმა, რომელიც მისი ბავშვობის კუმირია. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ფაქტი მისთვის როგორი ემოციური და ამაღელვებელი იქნებოდა?!.
– ფილმის ჩვენებას მილანში უცხოელი მაყურებლის გარდა დაესწრო იტალიაში არსებული ქართული საზოგადოების თავმჯდომარე და წევრები, როგორი იყო მათი რეაქცია?
– ქართული დიასპორა როგორც ყოველთვის, ახლაც გვერდში მედგა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასოციაცია „ქართული სახლის“ დამფუძნებელს, ქალბატონ მაკა გიგიაძეს და საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელის“ თავმჯდომარეს, პროფესორ სოლომონ ნერგაძეს. რასაკვირველია, ჩემს ნამუშევარზე მათ მოსაზრებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობ და ვაფასებ.
– ვინ იქნება თქვენი მორიგი ფილმის გმირი?
– ეს იქნება მართლაც გმირი, ყველა ქართველისთვის საამაყო მეფე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა იმ დროის მსოფლიოში განსაკუთრებულად ძლიერ სახელმწიფოდ აქცია. მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი დავით აღმაშენებელზე უკვე დაწყებული მაქვს და როცა დავასრულებ ქართველ და უცხოელ მაყურებელს სიამოვნებით და სიამაყით წარვუდგენ…
თეონა გოგნიაშვილი