ბაქოს საერთაშორისო წიგნის ბაზრობა – საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნა
პირველ ოქტომბერს, ბაქოს საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა, სადაც სტუმრებს ქართული ღვინითა და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით უმასპინძლეს.
სტენდზე საკუთარი წიგნები წარმოადგინეს გამომცემლობა „მერიდიანმა“, „შორენა შავერდაშვილის გამომცემლობამ“, „მერანმა“, „წიგნი+ერმა“. ასევე, გამოიფინა მწერალთა სახლისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები და ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები.
“13:00 საათზე გაიმართა მწერალთა სახლის წარმომადგენლების შეხვედრა აზერბაიჯანელ გამომცემლებთან, მთარგმნელებთან და ავტორებთან.
საქართველოს სტენდს სხვა სტუმრებთან ერთად ესტუმრნენ: ისა ჰაბიბბეილი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ფარიდ ჯაფაროვი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე, ფოლად ბულბულოღლუ – ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერალი და კულტურის მოღვაწე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ჩინგიზ აბდულაევი – ცნობილი აზერბაიჯანელი მწერალი.
სტუმრები გაეცნენ მწერალთა სახლის მთარგმნელობით და სარეზიდენციო პროგრამებს. საგრანტო პროგრამები საშუალებას აძლევს აზერბაიჯანელ გამომცემლებს, ავტორებსა და მთარგმნელებს გაააქტიურონ ლიტერატურული ურთიერთობები საქართველოსთან. შეხვედრის შედეგად გაიმართა საქმიანი მოლაპარაკებები და გამოიკვეთა ახალი ერთობლივი პროექტების პერსპექტივა.
14:00 საათზე გაიმართება მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოცემული „თანამედროვე ქართული პროზის ანთოლოგიის“ პრეზენტაცია (გამომცემლობა Alatoran), სადაც ოცი თანამედროვე ავტორის ნაწარმოებია გაერთიანებული.
ანთოლოგიის შესახებ ისაუბრებს მთარგმნელი იმირ მამმედლი”, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.