ქართულმა მრავალხმიანობამ იტალიელი მსმენელის გული დაიპყრო
19–21 სექტემბერს გალობის უნივერსიტეტის გუნდი სან-პაულუ ალბანესეში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ Antiche Radici 2025-ზე იტალიელი მსმენელის წინაშე წარდგა. ქართულმა მრავალხმიანობამ იტალიელი მსმენელის გული დაიპყრო.
„გალობის უნივერსიტეტის გუნდის მიერ ფესტივალ Antiche Radici-ზე წარმოდგენილმა ნომრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული პოლიფონია მხოლოდ წარსულის ფენომენი კი არა, ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობაა, რომელსაც ახალი თაობა გლობალურ სივრცეში აცოცხლებს. ამ გზით ქართული პოლიფონია იქცევა არა მხოლოდ ეროვნული იდენტობის სიმბოლოდ, არამედ საერთაშორისოდ გაზიარებულ კულტურულ ფასეულობად. Antiche Radici მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა, რომლის მიზანი ტრადიციული ეთნომუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა. ფესტივალი ქმნის პლატფორმას, სადაც ადგილობრივ კულტურასთან ერთად სტუმარი ქვეყნების უნიკალური ტრადიციები ერთიანდება. სწორედ ამ სივრცეში გაიჟღერა ქართულმა მრავალხმიანობამ, რომელიც გალობის უნივერსიტეტის გუნდმა (ხელმძღვანელები: სერგო ურუშაძე, ანა ლოლაშვილი) წარმოადგინა.
გალობის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მისია ახალგაზრდა თაობების ტრადიციული მუსიკის დესპანებად აღზრდაა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობას“, რომლის მხარდაჭერითაც გახდა შესაძლებელი ფესტივალზე გუნდის მონაწილეობა“, – ნათქვამია გალობის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.