კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა 14 მედლი მოიპოვეს
უნგრეთმა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე 14 მედალი მოიპოვეს.
დიდებს შორის ეროვნულმა ნაკრებმა ოთხი ოქრო და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდებმა კი კონტინენტის პირველობა სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ბიჭებში საქართველომ გუნდური პირველი ადგილიც დაიკავა.
ეროვნული ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონობა მინდია მგელაძემ (-60 კგ), ანდრეი ზინჩენკომ ( -70 კგ), ლაშა ობეთელაშვილმა (-80 კგ) და დავით მსხალაძემ (-90 კგ) იზეიმეს; ბრინჯაოს მედლებს კი ლაშა შანთაძე (-65 კგ) და დათა ფუტკარაძე (-70 კგ) დასჯერდნენ.
ახალგაზრდული ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონის ტიტული გიორგი ძნელაძემ (-60 კგ), დავით ძნელაძემ (-65 კგ) და საბა ჭრელაშვილმა (+80 კგ) მოიპოვეს; ვიცე-ჩემპიონები დავით შველიძე (-60 კგ), დიმიტრი მსხალაძე (-75 კგ) და ავთანდილ პარწიკანაშვილი (+80 კგ) გახდნენ; ანანო დათუკიშვილმა (-50 კგ) და ნინო შუბითიძემ (-55 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
2025 წლის კარატეს ევროპის ჩემპიონატზე საერთაშორისო კატეგორიის ქართველმა არბიტრებმა – ვლადიმერ შენგელიამ, დავით ცერცვაძემ და ბექა მჭედლიშვილმა – იმსაჯეს. კონტინენტის პირველობაზე იმყოფებოდა საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე და საქართველოს წარმომადგენელი ევროპის კარატეს ორგანიზაციაში (EKO) ირაკლი დოლაბერიძე. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს კონტაქტურ კარატეში 9-10 მაისს ბათუმი უმასპინძლებს.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.