ევროპის ჩემპიონატზე პარაძიუდოში ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძიუდოში ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია.
რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია +95 კგ) ფინალში ფრანგი ნაცერ ზორგანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალში ერთმანეთს ბაჩუკი შელია (J2 კატეგორია -81 კგ) და ლევან გუგავა (J2 კატეგორია -81 კგ) შეხვდნენ. ჩემპიონობა ლევან გუგავამ იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი კი ბაჩუკი შელია გახდა.
ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია – 81 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ის მიშიკო შიობრიშვილს შეხვდა.
ქართველმა პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა (J2 კატეგორია -70 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ესპანელი სერხიო იბანიეს ბანიონი დაამარცხა.
ზურაბ ზურაბიანმა პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი კარიერაში მეორედ მოიპოვა. გასულ წელს პარალიმპიადაზე კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.
კონტინენტის პირველობაზე ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა პარაძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია – 70 კგ). მან ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი მაილს სოლომანი დაამარცხა.
გიორგი ქალდანმა პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონის ტიტული კარიერაში მესამედ მოიპოვა. გასულ წელს ის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.