„ვიბრძვი და ვცოცხლობ!“- მთისპირელი გოგოს უჩვეულო ისტორია
მრავალგზის ნაცადი სიბრძნეა: „რადგან შენს გარდა არავინაა პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე, ყოველთვის აირჩიე სიცოცხლე.“ თამუნა შავაძემ ეს არჩევანი 19 წლის ასაკში გააკეთა, როდესაც ტრაგიკული შემთხვევის მერე თავის ბედნიერებაზე პასუხისმგებლობა სრულად აიღო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ოზურგეთის რაიონის მაღალმთიან სოფელ მთისპირში მცხოვრებმა გოგომ საკუთარი დადგენილი წესებით და კანონებით გააგრძელა სიცოცხლე და წარმატებასაც მიაღწია. ალბათ დაუჯერებელია, რომ კომპიუტერის გარეშე, მხოლოდ მობილურის დახმარებით შეძლო სხვადასხვა მიმართულებით მიეღო ცოდნა და 40 სერტიფიკატი დაემსახურებინა.
– თამუნა, როგორია თქვენი ცხოვრების გზა?
– თავიდან მოგიყვებით: სანამ ეს შემთხვევა მოხდებოდა, 11 წელი ბათუმში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი. სკოლა და შემდეგ სამედიცინო კოლეჯიც იქ დავამთავრე. იმ დღეს რაც შეეხება, ჩემდა სამწუხაროდ, მაშინ სოფელში ვიყავი ამოსული. ჩემი ძმა ეზოში ხეს ჭრიდა. უცებ ხემ მიმართულება შეიცვალა და იმ მხარეს წამოვიდა, სადაც დედა იდგა. როცა ეს დავინახე, გავიქეცი და მას ვუბიძგე, რომ იმ საშიშ ადგილს მოშორებოდა, მაგრამ ამ დროს ხის დიდი ტოტი მოტყდა და მე დამეცა. ამის შემდეგ კისრის მეხუთე და მეექვსე მალა დამიზიანდა. ოპერაციის შედეგად კი პრობლემა ზურგის ტვინს შეექმნა. როცა ოზურგეთში ჩამიყვანეს სუსტი პულსი მქონდა, ექიმებმა ჩათვალეს, რომ ცოცხალი არ ვიყავი და ხელი არავინ მომკიდა. ამის შემდეგ რეანიმობილით ქუთაისში გადამიყვანეს. გზაში გული გამიჩერდა და ოპერაცია ორი დღის შემდეგ გამიკეთდა. ჩემი დიაგნოზიდან გამომდინარე, მეტყველების უნარი არ უნდა მქონოდა და ფაქტობრივად, კუნძივით უნდა ვყოფილიყავი. თუმცა, როგორც ჩანს, ღმერთმა არ გამწირა…
– რა დაგეხმარათ იმაში, რომ სიცოცხლისთვის ბრძოლა გაგეგრძელებინათ?
– როცა ვუყურებდი მშობლებს როგორ განიცდიდნენ ჩემს მდგომარეობას, გადავწყვიტე, ბრძოლა არ შემეწყვიტა. ჩემს თავს სულ ვუმეორებდი: უნდა შეძლო და შენს ტკივილთან ღამე დარჩე, დღისით არაფერი უნდა გეტყობოდეს მეთქი. მე არ ვიცი ეს რამდენად გამომივიდა, მაგრამ მგონი, ვახერხებ, რომ ჩემი ტკივილი შევფუთო. რადგან ვინც ხშირად მხედავს, მეუბნება: არ გეტყობა, რომ ეს მდგომარეობა გაქვსო. მე ასე მესმის – შენი ტკივილი სხვას არ უნდა მოახვიო. ყურებჩამოყრილი, ეტლში მჯდარი არავის მოსწონხარ. აქტიური და ძლიერი უნდა ვიყო, მაგრამ თუ ეს ფიზიკურად არ შემიძლია, მადლობა ღმერთს, გონება ხომ მიჭრის?! რეაბილიტაციის შემდეგ, რომ იტყვიან, ბევრი ვიბრძოლე და ხელები ავამოძრავე, მაგრამ მაჯას მაღლა მაინც ვერ ვწევ და თითებსაც ვერ ვამოძრავებ. კომპიუტერს ვერ ვიყენებ, მობილური ტელეფონი კალთაში მიდევს და ისე ვწერ ხოლმე. ოღონდ, ნელა, სწრაფად არ შემიძლია.
– და ასეთ მდგომარეობაში მყოფმა აქტიურად დაიწყეთ თვითგანვითარებაზე ზრუნვა…
– დიახ, მინდა მივაღწიო მიზანს, რომელიც მაშინ დავსახე, სანამ ეტლში დავჯდებოდი. ძალიან მიყვარს კითხვა და ფსიქოლოგიურად რომ გავძლიერებულიყავი, ამაში წიგნები დამეხმარა. თუკი რაიმე შეიძლება კარგი და დადებითი ითქვას პანდემიაზე, ის არის, რომ იმ დროს დისტანციური სწავლება შემოვიდა. 2020 წელს, როგორც კი ონლაინ კურსები გამოცხადდა, სწავლის დაწყება შევძელი. ჩვენს სოფელში ცუდი ინტერნეტია. დღეს, როცა სახლში ეტლით გადავადგილდები, სადაც დაიჭერს იქ ვჩერდები. არ მინდა რამეს ჩამოვრჩე, რაც კი საინტერესო იყო, შევძელი, რომ ყველაფერი მესწავლა. მთლიანად 40 სახეობის სხვადასხვა სერტიფიკატი მაქვს: ფარმაციის, ფარმაკოლოგიის, ბავშვთა აღზრდის მეთოდისტის და სხვა, ყველას ვერ ჩამოვთვლი…
– ვიცი, რომ სამომავლოდაც არ აპირებთ გაჩერებას…
– მომავალში ვაპირებ დავიწყებული ინგლისური ენა გავიხსენო. ზოგადად ენები ჩემთვის საინტერესო თემაა. რადგან თავიდან სამართლებრივ სფეროში მინდოდა საქმიანობის დაწყება, დაინტერესებული ვარ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები და სამართალმცოდნეობა შევისწავლო. მერე, საერთაშორისო ურთიერთობებზე მინდა გადავერთო, რადგან ამ სფეროში საქმიანობა დისტანციურად მოსახერხებელია. ამის გარდა, ძალიან მაინტერესებს მენეჯმენტი, მარკეტინგი და დიზაინი. სწავლის მერე მინდა ვიმუშაო, რათა საკუთარი შემოსავლის წყარო მქონდეს და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად ვიგრძნო.
– ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის?
– ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ხარისხიან ინტერნეტთან მქონდეს წვდომა. მჯერა, რომ მედიცინაში წინ წავა და ერთ მშვენიერ დღეს, იქნებ, მოვახერხო და ჩემი ხელით წყალი დავლიო, თმა დავივარცხნო და საკუთარი თავის მოვლა დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე შევძლო. რაც შეეხება, დახმარებას, მას ბევრი ადამიანისგან ვგრძნობ. მინდა ჩამოვთვალო ჩემი მეგობრები, რომლებიც წუთითაც არ მტოვებენ: გიორგი გირკელიძე, შორენა ინწკირველი, მურად ცეცხლაძე, მაიკო ჩავლეიშვილი, ემზარ მეგრელაძე, კახა კეჭაყმაძე, ნატალიკო ხომერიკი და უამრავი სხვა. მინდა ვახსენო ამჟამად მოქმედი მერი ავთანდილ თალაკვაძე, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას, ასევე ბატონი ვლადიმერ ჩავლეიშვილი, რომელიც ძალიან ყურადღებიანი ადამიანია და ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია. ასევე ვახსენებ ლელა მესხს, მიხარია, რომ ჩვენი სოფლის წარმომადგენელი ასეთი გულისხმიერი ქალბატონი იქნება. წარმატებებს ვუსურვებ მას და მჯერა, რომ მთისპირისთვის ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებს.
– ზოგადად მშვიდი ადამიანი ხართ და ემოციებს რა იწვევს თქვენში?
– არის ერთადერთი მომენტი, როცა საკუთარი მდგომარეობა მავიწყდება და ემოციებისგან თავს ვერ ვიკავებ ხოლმე. ეს დგება მაშინ ჩვენი ნაკრების თამაშს რომ ვუყურებ. თავის კლუბებში როცა თამაშობენ ჩვენი ბიჭები მაშინაც აქტიურად ვადევნებ თვალს. გულწრფელად გეტყვით, მაგ დროს მართლა მავიწყდება, რომ ეტლში ვზივარ…
– როგორ გაამხნევებთ მათ, ვინც მსგავს მდგომარეობაშია?
– ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ვეტყვი, რომ არ დაკარგონ უფლის რწმენა და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი. უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, იმისთვის, რომ ხვალ კარგად ვიყოთ, ზეგისთვის კი საუკეთესო პირობები შევიქმნათ. მესმის, რომ ჩვენთვის ყველაფერი გაცილებით რთულია, მაგრამ ვეცადოთ და რაც შესაძლებელია, ყველაფერი გავაკეთოთ. არ მოვდუნდეთ, მაგრამ ამასთან ადამიანობაც არ დავკარგოთ. მადლობა ვუთხრათ ღმერთს იმისთვის, რომ ცოცხლები ვართ, მშობლებს ვხედავთ და ვისაც ვუყვარვართ ის ადამიანები გვერდით გვყავს. კარგად მესმის, რომ დღეს ასეთი მოცემულობა მაქვს, რაკი გადავრჩი და აქამდე მოვედი, მეც ვიბრძვი და ვცოცხლობ!.
თეონა გოგნიაშვილი