თესალონიკის საერთაშორისო გამოფენაზე „ჰელ ექსპო“ ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების ნაწარმი არის წარმოდგენილი
თესალონიკის საერთაშორისო გამოფენაზე „ჰელ ექსპო“(Hell Expo) ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების ნაწარმი არის წარმოდგენილი. კერძოდ ქართული ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები, აგრეთვე ქართული ტრადიციული ხელოვნების ნიმუშები.
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე და კონსული, ნინო მანჯგალაძე გამოფენას ეწვიენ და გენერალურმა კონსულმა, ღონისძიების ორგანიზატორს, სოფიო მინაძეს და გამოფენაში მონაწილე ქართველ დიზაინერებსა და ხელოვანებს, საზღვარგარეთ ქართული ბრენდების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ თესალონიკის საერთაშორისო გამოფენა ერთ-ერთი დიდი მნიშვნელობის მოვლენაა არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ ბალკანეთის რეგიონის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, ხოლო თვითონ საგამოფენო და საკონფერენციო ცენტრი, საბერძნეთის მასშტაბით ყველაზე დიდია, რომელიც ხელს უწყობს ინდუსტრიულ გამოფენებს, სხვადასხვა ღონისძიებებს, ფორუმებს და იზიდავს ინვესტორებსა და ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. შესაბამისად, აღნიშნულ გამოფენაზე ქართველი მეწარმეების მონაწილეობა, მათი ნამუშევრების წარდგენა, მნიშვნელოვანია უცხოურ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების კუთხით, რაც თავის მხრივ, ქართული ბრენდებისა და ნაწარმის ექსპორტს შეუწყობს ხელს.
აქვე გაცნობებთ, რომ ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების ნაწარმი გამოფენილი იქნება 14 სექტემბრამდე, საგამოფენო ცენტრის Hell Expo სივრცის მე-5 პავილიონში.