8 სექტემბერს საქართველოში A.C. Milan-ის საფეხბურთო ბანაკი იწყება

ხვალ, 8 სექტემბერს  ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი – A.C. Milan  საქართველოში პირველად დაიწყებს მასშტაბურ საფეხბურთო ბანაკს – Milan Junior Camp-ს. ცნობილი იტალიური გრანდი ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე თანამედროვე სპორტულ კომპლექსში ადგილობრივ მოზარდებს დაუვიწყარ კვირას შესთავაზებს. იტალიელი მწვრთნელები თბილისში ვარჯიშებს ერთი კვირის განმავლობაში ჩაატარებენ.

მონაწილეები ასაკობრივ ჯგუფებად დაიყოფიან (ჯამში, 2 ჯგუფი) და მათ ერთი კვირის განმავლობაში, AC Milan-ის ოფიციალური პროგრამით, საათნახევრიანი ინტენსიური ვარჯიშები ჩაუტარდებათ.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში „მილანის“ აკადემიის კოორდინატორი ჩამოვიდა.  შესაბამისად, ქართველი მწვრთნელებისთვის და, ზოგადად, ფეხბურთში დასაქმებული პირებისთვის 6 სექტემბერს საინტერესო და ინფორმაციული  ხასიათის ვორქშოპი ჩატარდა.   ქართველ მწვრთნელებს ვორქშოპზე „მილანის“ აკადემიის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და საკუთარი გამოცდილებას გაუზიარეს, რაც ქართულ საფეხბურთო სივრცეში A.C. Milan-ის მეთოდოლოგიის დანერგვას შეუწყობს ხელს.

Milan Junior Camp-ში მონაწილეობას მიიღებენ 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები. პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს პატარა ფეხბურთელებს, მოირგონ A.C. Milan-ის  მაისურის, ისწავლონ ფეხბურთი უმაღლესი სტანდარტებით, ჩაერთონ გუნდურ, დისციპლინებულ და მხიარულ პროცესში.

კლუბის ავტორობით შედგენილი პროგრამის მიხედვით, ყურადღება ექცევა გუნდურ მუშაობას, პიროვნულ ზრდასა და გართობას. „მილანის“ ბანაკები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რამდენიმე შერჩეულ ადგილას ტარდება. მათი მეშვეობით ყველა მონაწილე  ეზიარება უნიკალურ გამოცდილებას, იძენენ ახალ მეგობრებს, ატარებენ სასიამოვნო დროს. ს.კ „მილანის“ მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და ადგილობრივი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ, თამაშობენ ფეხბურთს სრულიად უსაფრთხოდ.

საქართველოში პროექტის თანაორგანიზატორია Sports Corporation LLC, რომლის დამფუძნებლებიც  გიორგი ფოფხაძე, ლორენცო ჩიპრიანი, გურამ კაჭახიძე და მალხაზ მუსერიძე არიან. მნიშვნელოვანია პროექტში  იტალიის საელჩოს ჩართულობა. იტალიის საელჩოც ამ პროექტის თანაორგანიზატორია. Milan Junior Camp-ი სწორედ იტალიის სპორტის დღეების ფარგლებში ტარდება, რომელიც უკვე მეორე წელია, იმართება და ტრადიციად დამკვიდრდა.

ინფორმაციისთვის, ახალი ინიციატივა 2024 წლის ლეგენდების მატჩის წარმატებული გამოსვლის შემდეგ დაიბადა. იგი ასახავს კლუბის სამომავლო ნაბიჯებს ქვეყნისა და იქ მცხოვრები ფეხბურთის მოყვარული საზოგადოებისადმი. პროექტი A.C. Milan-ის განვითარების გლობალური ხედვის ნაწილია.  მისი მიზანია ადგილობრივი ფეხბურთის განვითარება, კლუბის ფასეულობებისა და გამოცდილების გაზიარებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები