ამბავი ასწლიან მეგობრობაზე – ქართველი მეცნიერი, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს წინა საუკუნეში იკვლევდა
წლევანდელი მწველი ზაფხულის მერე, ბევრისთვის ალბათ უფრო აშკარა გახდა ის პრობლემები, რაც კლიმატურმა ცვლილებებმა შეიძლება დედამიწაზე გამოიწვიოს. როგორც ჩანს, საქართველოში ამ საკითხის კვლევა ჯერ კიდევ წინა საუკუნეში დაიწყეს და ის მხოლოდ მეცნიერთა მცირე ჯგუფისთვის იყო ცნობილი.
“მეცნიერი დავით შარაშიძე ყაზბეგში, მყინვარის ფერდობებზე მზის სხვების სიმძლავრეზე დაკვირვებას 1933 წლიდან აწარმოებდა.“- გვითხრა შარაშიძეების ოჯახის წევრმა, ქალბატონმა ლელა მესხმა. გადავწყვიტეთ, ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ მთისპირელი მეცნიერის მნიშვნელოვანი საქმიანობა გაგაცნოთ.
– ქალბატონო ლელა, ამბობენ, ყოველი ადამიანი თავისი ოჯახის პატარა ელჩიაო, შეიძლება ითქვას, რომ თავის დროზე გამორჩეული ოჯახის ელჩობა გერგოთ…
– დიახ, ასე გამოდის. 1986 წელს ისეთი ისტორიული ოჯახის რძალი გავხდი, როგორიც შარაშიძეებია. ჩემმა მამამთილმა, დავით შარაშიძემ მყინვარწვერის პლატოზე ააგო ობსერვატორია, სადაც 15 წელი საქმიანობდა. მეოცე საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარში ამ ობსერვატორიაში ის კლიმატზე დაკვირვებებს აწარმოებდა. მნიშვნელოვანი კვლევების ჩასატარებლად აქ ბევრი ქართული თუ უცხოური ექსპედიცია ამოდიოდა. ასე, რომ ეს ობსერვატორია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იყო. ეს ურთულესი შენობა ზღვის დონიდან 3645 მეტრზე მდებარეობს და მას სამი წლის განმავლობაში აშენებდნენ.
– ამის გარდა თიხის კარიერიც დავით შარაშიძის ინიციატივით გაიხსნა..
– თიხის საბადო სოფელ მთისპირში 1946 წელს გაიხსნა. ის თავის დროზე აკადემიკოსმა, კავკასიის მინერალოგიის ინსტიტუტის დამაარსებელმა, ალექსანდრე თვალჭრელიძემ აღმოაჩინა. აღნიშნული კარიერიც დავით შარაშიძის ხელმძღვანელობით გაიხსნა. შემდეგში ის ერთ-ერთ დიდ საწარმოდ ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო, ეს საწარმო ბერძნული კომპანიის ხელში აღმოჩნდა და მათ თიხის მოპოვება თითქმის შეაჩერეს. ჩემს მეუღლეს და ვაჟს დიდი ძალისხმევა დასჭირდა საიმისოდ, რომ ეს მართლაც სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტი, რომელიც ბერძნებს იჯარით ჰქონდა აღებული, ისევ საქართველოს, კერძოდ, გურიას დაჰბრუნებოდა. მათ აქ გახსნეს საწარმო, სადაც ასამდე ადგილობრივი ადამიანი დაასაქმეს.
– თქვენი პროფესიული საქმიანობაც გურიაში დაიწყო?
– დიახ, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, საქმიანობა ოზურგეთის რაიონის სოფელ მშვიდობაურის სკოლაში დავიწყე. შემდეგ წლებში პროფესიული საქმიანობა სოფელ მთისპირისა და თბილისის 62-ე საშუალო სკოლებში გავაგრძელე. მშობლიურ კუთხეში დაბრუნების შემდეგ,1998 -2004 წლებში, ენის სახელმწიფო პალატის ლანჩხუთის განყოფილების უფროსი ვიყავი. ასევე ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. ის ფაქტი, რომ ჩემს სოფელში მაჟორიტარობის კანდიდატად დამასახელეს, ჩემთვის დიდი პატივია.
– ისევ დავით შარაშიძეს დავუბრუნდეთ, ის ბევრ გამორჩეულ ადამიანთან მეგობრობდა, მათ შთამომავლებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
– მის მეგობრებს შორის ცნობილი ქართველი ალპინისტები, ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეები იყვნენ. სულ ახლახან ჩვენს ოჯახში შედგა შეხვედრა, რომელიც ამ ასწლოვანი მეგობრობის საოცარი გაგრძელება იყო. ჩვენ გვესტუმრნენ ჯაფარიძეების ღირსეული შთამომავლები: ბატონი ივანე ჯაფარიძე თბილისიდან და ამერიკიდან, მისი ვაჟი, ლევანი, ოჯახთან ერთად. ეს შეხვედრა იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდით. მათ ვაჩვენეთ ალიოშას მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც ჩვენს საოჯახო არქივში ინახება. ძალიან ემოციური სანახავი იყო, როცა ისინი მათი დიდი წინაპრების მიერ ჩვენს ეზოში დარგულ ნაძვს შეეხნენ.
მთისპირში შემდგარი ეს ისტორიული შეხვედრა ბატონმა ივანე ჯაფარიძემაც გაიხსენა:
„ჩემი მომავალი საქმიანობა, გზა და ცხოვრების წესიც კი უკვე დაბადებიდანვე იყო განსაზღვრული იმით, რომ ჯაფარიძეების ოჯახში დავიბადე და ჩემი მამიდა, ლეგენდარული პიროვნება, მთამსვლელი ალექსანდრა ჯაფარიძე იყო. ჯაფარიძეებისა და შარაშიძეების მეგობრობა, რომელიც 30-იან წლებში დაიწყო დღემდე გრძელდება და სწორედ ამის დასტური იყო 25 აგვისტოს, ჯაფარიძეების მემკვიდრეების სამი თაობის სტუმრობა მთისპირში. ჩემთან ერთად იყვნენ: ლევან ჯაფარიძე, ეკა დავითაშვილი და შვილიშვილები, ალექსანდრა და დავით ჯაფარიძეები. ამაზე შეიძლება ითქვას, რომ მეგობრობის მწვერვალია.
– დათიკო შარაშიძის შესახებ რას გაიხსენებთ?
– რაც შეეხება, დათიკო შარაშიძეს, ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოროლოგიური სადგურის უფროსად ის სრულიად ახალგაზრდა, 23 წლის ასაკში დაინიშნა, რაც იმ დროს უნიკალური მოვლენა იყო. პირველი მოზამთრეეები1933-34 წლებში იყვნენ: დავით შარაშიძე, მისი ძმა, სოსო შარაშიძე, ცნობილი მთამსვლელი და გამყოლი იაგორ კაზალიკაშვილი და მთამსვლელი, სანდრო გვალია. დათიკო შარაშიძის ჯაფარიძეებთან მეგობრობა სწორედ ამ მეტეოსადგურიდან იწყება, რადგან ალექსანდრა ჯაფარიძე გეოფიზიკური ობსერვატორიის კონსულტანტი და მეტეოროლოგ – დამკვირვებელი იყო. შარაშიძეების უნიკალური ოჯახი ქვეყნისთვის დამაშვრალი და ბევრი ეროვნული საქმის წამომწყები და შემსრულებელია. მიხარია, რომ ამ ოჯახის რძალიც, ლელა მესხიც, მათ ტრადიციებს აგრძელებს.”
– ქალბატონო ლელა, თქვენ როგორც დეპუტატობის კანდიდატი, რამდენად კარგად იცნობთ მთისპირის მოსახლეობის სატკივარს?
– გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის მართლა დიდი პატივია, რომ ასეთი ოჯახის სახელით სასიკეთო საქმეების ესტაფეტა გადმომეცა. მთისპირი ულამაზესი, მაგრამ რთული რელიეფის მქონე სოფელია. შესაბამისად, აქაურ მოსახლეობას იმაზე უფრო მეტი პრობლემები აქვთ, ვიდრე ქვედა ზონის სოფლებს. ამ პრობლემებს მე კარგად ვიცნობ და მათ გადაჭრას თანამიმდევრობით შევეცდები. მინდა, რომ ხალხის ნდობა გავამართლო, ჩემი წილი აგური დავდო მთისპირის განვითარებაში და ადგილობრივებს გვერდში დავუდგე. ამას, პირველ რიგში, შარაშიძეების ოჯახის სახელი მავალდებულებს.
თეონა გოგნიაშვილი