აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი დაიწყო

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი დაიწყო. მტაცებელი ფრინველების საშემოდგომო მიგრაციაზე დასაკვირვებლად რეგიონს ორნითოლოგები და ეკოტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. ბათუმის შემოგარენი, “აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის” სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლები – სახალვაშო და ჩაისუბანი, საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებს. აქ ფრინველებზე დაკვირვებისათვის პლატფორმებია მოწყობილი და მათთან მისასვლელი ბილიკებიც მარკირებულია. გარდა ამ სოფლებისა, რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება ასევე შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში (აქ მოწყობილია სადამკვირვებლო პლატფორმა), ისპანის ჭაობზე (ქობულეთის დაცული ტერიტორიები) და ჭოროხის დელტაზე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები