ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, საქართველომ პირველად წარადგინა ეროვნული AI ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე პეკინში და პირველივე წელს მედლის მოპოვებაც შეძლო.
ბრინჯაოს მედლის მფლობელი თემიკო მაჭავარიანი გახდა. საპატიო სიგელი კი ანტონ ინგოროყვამ მოიპოვა. საპატიო სიგელი იმ მონაწილეებს გადაეცემათ, რომლებიც ოლიმპიადის ორი დღიდან რომელიმე დღეს მონაწილეების ნახევარზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ. ოლიმპიადაში 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ოლიმპიადის ამოცანები საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტმა შეადგინა და საქართველოს ნაკრებმა კონკურენტულ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა.
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 2024 წელს ოლიმპიადა ბულგარეთში ჩატარდა, წელს კი მას პეკინმა უმასპინძლა.