ოთხი შვილის დედა და სიყვარულით მოქსოვილი მისი სამყარო

დედობა რომ თავისთავად შემოქმედებაა, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ როცა ოთხი შვილის დედა ყოველდღიური რუტინის მიღმა ხელოვნების სამსახურში ყოფნასაც ახერხებს, ეს ალბათ ორმაგად რთული და უფრო მეტად დასაფასებელია.

თიკო გულბანი სამი გოგონასა და ვაჟის დედაა. ერთ მშვენიერ დღეს, ბავშვობაში, დედისგან ნასწავლი ხელსაქმე საყვარელ საქმიანობად აქცია და ახლა უკვე თავისი ერთგული მომხმარებელიც ჰყავს. სულ ახლახან, მას როგორც შემოქმედ დედას, სპეციალური სერტიფიკატიც გადაეცა.

– თიკო, ხელსაქმე პირველად როდის აითვისეთ და რაში გეხმარებათ?

– ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარს. როცა პირველად დავინახე დედა ქსოვდა, მაშინ დავინტერესდი. ამიტომ ის გახდა ჩემი სტიმული, რომ ხელსაქმე ამეთვისებინა. ამის გამო მისი მადლობელი ვარ. ხელსაქმეს  ჩემთვის საოცარი სულიერი სიმშვიდე მოაქვს, ამ დროს ივიწყებ ყოფით პრობლემებს და სულ სხვა, ფერად სამყაროში გადადიხარ. მახსოვს, 90 -იანებში ბავშვი ვიყავი როცა ზაფხულის არდადეგებზე აქტიურად ვქსოვდი. მაშინ ასევე კერვით და ქარგვითაც ვიყავი გატაცებული.

– 90-იან წლები ახსენეთ, იმ წლებსაც ჰქონდა თავისი ნათელი მომენტები, თქვენთვის რა იყო ასეთი?

– დიახ, უდავოდ ჰქონდა… იმ ბნელ წლებში ნათელი მომენტებიდან პირველ რიგში, მაინც ადამიანური ურთიერთობები მახსენდება. ლამპის შუქზე მეგობრებთან ერთად ნასწავლი გაკვეთილები, ბავშვებთან ერთად ეზოში საზიარო ბურთით თამაში, ზამთარში უხვი თოვლი და ციგით სრიალი… ალბათ ასეთი ნათელი მომენტების დამსახურებაა ის, რომ ხელოვნებას დავუმეგობრდი. ძირითადად ხელჩანთებს ვამზადებ, მაგრამ ამის გარდა ბევრ სხვა ნივთებსაც ვქსოვ. ჩემს გვერდზე გამოფენილ ნივთებში ჩემი ხასიათი და ბუნებაა ჩაქსოვილი.შეიძლება ითქვას, რომ ამ ნივთებში სიყვარულს და სიკეთეს ვაქსოვ და იმედია, ეს იგრძნობა კიდეც… ჩემი სამყაროც ასეთივეა…

– სვანური თემატიკა თუ არის მათში?

– ჩემი ხელნაკეთი ნივთების გამოფენის დროს მამას გაკეთებული ხის ნაკეთობებიც გამომაქვს ხოლმე. ესაა: სვანური კოშკები, საკიდები და თმის სარჭი სვანური თემატიკით, რომელიც ტურისტების დიდ მოწონებას იმსახურებს.

 – სად და როდის გამოიფინა თქვენი ნამუშევრები?

– გამოფენებში ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვმონაწილეობ. ეთნოგრაფიულ მუზეუმში „არტგენის“ ფესტივალზე გავდივარ, ასევე როგორც მონაწილე, გურჯაანის ღვინის ფესტივალსა და კაჭრეთის ამბასადორსაც ვესტუმრე. ჩემი მოქსოვილი ნივთები უკვე ბევრ ლამაზ საგამოფენო სივრცეში იყო გამოფენილი, რაც ძალიან მახარებს და სამომავლოდ სტიმულს მაძლევს. რამდენიმე წლის წინ დავუკავშირდი სოციალურ ქსელებში არსებულ „მრავალშვილიანი დედების ჯგუფს“, საიდანაც საგამოფენო სივრცეებში გასვლა უფრო აქტიურად დავიწყე.

ოთხი შვილის დედობაც ცხოვრებისადმი შემოქმედებით დამოკიდებულებას ითხოვს და ხელსაქმე როგორ გეხმარებათ ყოველდღიურობაში?

– დაოჯახების შემდეგ კარჩაკეტილ ცხოვრებას ვეწეოდი, რადგან მთელ დროს ბავშვებთან ვატარებდი. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბავშვობის საყვარელი საქმე გამეხსენებინა. ის ძალა, ენერგია და სიყვარული დამებრუნებინა უკან, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვდებდი. ამის გარდა საყვარელი საქმით დავუკავშირდი იმ ძვირფას ადამიანებს, რომელსაც სოციალურ ქსელებში ჩემი გვერდის გამომწერები ჰქვია. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, რადგან იმის მოტივაციას მაძლევენ, რომ საყვარელ საქმეს ვემსახურო.

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები