პრესტიჟულ გერმანულ გამოცემაში „Wein+Markt“ ქართული ღვინის შესახებ სტატია დაიბეჭდა
პრესტიჟულ გერმანულ გამოცემაში „Wein+Markt“ ქართული ღვინის შესახებ სტატია დაიბეჭდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტატიაში საუბარია ქართული მეღვინეობის კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ. ამავდროულად, „Wein+Markt“ მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას ივნისში ჩატარებული დეგუსტაცია-კონკურსის შედეგად შერჩეულ 50-მდე ქართულ ღვინოზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, გამომცემლობასთან „Wein+Markt“ თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-კონკურსი სახელწოდებით „Best of” გერმანიის ქალაქ კელნში 16 ივნისს გაიმართა. პროფესიონალი ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები, სომელიეები, ექსპერტები და ღვინის ჟურნალისტები.
სულ კონკურსზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 72 კომპანიის ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინის 100-მდე ნიმუში. ე.წ. „ბრმა დეგუსტაციის“ საფუძველზე შეირჩა და ჟურნალში დაიბეჭდა ინფორმაცია 32 კომპანიის 47 საუკეთესო ღვინის შესახებ.
„Wein+Markt“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სპეციალიზებულ გამოცემას გერმანიის ღვინის კომერციული სექტორისთვის, რომელიც სამიზნე აუდიტორიას ბაზრის სიახლეებსა და თანამედროვე მოთხოვნებს სთავაზობს. აღნიშნულ გამოცემაში საუკეთესო ქართული ღვინოების და წარმოების ტრადიციების წარმოჩენა, ხელს შეუწყობს გერმანიის ბაზარზე მათ პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას.