ესპანეთში ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები ოთხ ენაზე და ასევე, ნუსხური დამწერლობით გამოიცა
ესპანეთში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის – “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში გამარჯვებული საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, დეა მაღალაშვილის ინიციატივით, ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი” ითარგმნა ესპანურ, კატალანურ და ინგლისურ ენებზე და მოოქრული დიზაინით გამოიცა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური საკონსულო ბარსელონაში ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული წიგნი განთავსდა ესპანეთის დეპუტატთა კონგრესში, კატალონიის პარლამენტში, კატალონიის ეროვნული ბიბლიოთეკის “საქართველოს თაროზე”, ბარსელონას პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტის CRAI ბიბლიოთეკაში ( პობლენოუს კამპუსი), მადრიდისა და სეგოვიის IE უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში, ესპანეთში საქართველოს საელჩოსა (მადრიდი) და ბარსელონაში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
პროექტის მიზანია საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის კავშირების გაძლიერება და ქართული ენის პოპულარიზაცია. გამოცემა ესპანურ ენაზე ირაკლი მენთეშაშვილმა, კატალანურ ენაზე მიგელ პერეზ მონტაგუტიმ, ხოლო ინგლისურ ენაზე ლალი ჯოხაძემ თარგმნეს.