თურქეთელი ქართველი ექიმი – ქართული კულტურისა და ტრადიციების მოამაგე
უკვე წლებია, რაც ქართული წარმოშობის ექიმი, ალი ილმაზი, თურქეთში ჩასულ ქართველებს ეიმედებათ. რადგან სამედიცინო საქმიანობის დაწყების დღიდან ის უკვე ბევრ ქართველს დაეხმარა, თანაც, სრულიად უანგაროდ. ამას გარდა, ორი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაშიც აქტიურადაა ჩაბმული. თანამზრახველებთან ერთად, ის შავშეთის ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია. ამ გზით თურქეთში მცხოვრებ ქართველებს საკუთარი ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებაში ეხმარება.
ყველაფერი კი ბავშვობიდან, მისი ფესვებიდან დაიწყო. ბატონი ალი ისტორიულ ტაო–კლარჯეთში, ართვინის რაიონში, შავშეთის ოლქში, სოფელ ხევწვრილში დაიბადა. ამბობს, რომ ყველაზე ბედნიერი მაშინ არის, როცა ოჯახთან ერთად მშობლიურ სოფელში ჩადის.
– ბატონო ალი, ალბათ ყველა ადამიანისთვის საკუთარი თავის შეცნობა იწყება ოჯახით და იმ სახლით, სადაც დაიბადა და ბავშვობა გაატარა, ვიცი, რომ ბავშვობის მოგონებებს ძალიან უფრთხილდებით…
– ჩემი სახლი ისტორიულია, ის 200-ზე მეტი წლისაა. იქ გავატარე ბავშვობა. პატარებმა ვიცოდით, რომ ჩვენ თურქეთში მაცხოვრებელი ძირძველი ქართველები ვართ. მაშინდელი ამბები ძალიან ტკბილად მახსენდება, განსაკუთრებით, ქართული სიმღერები, რომელსაც ბებია მიმღეროდა. ის წარმოშობით მაჭახელიდან იყო. ბებია აკორდეონზე უკრავდა, იმის მელოდიაზე მაძინებდა. მისგან მოვისმინე პირველად სიმღერა „პატარა გოგო დამეკარდა“ და სხვები. ის სიმღერები ბავშვობის მოგონებებს ლამაზ ფონად გასდევს.
– ალბათ ამიტომ იყო, როცა წამოიზარდეთ, თქვენ და თქვენს მამას იდეა გაგიჩნდათ, რომ შავშეთის ფესტივალი დაგეარსებინათ. ამ საქმის სათავეში ვინ იდგა?
– ამ ფესტივალის დამაარსებლები და პასუხისმგებლები იყვნენ: მამაჩემი, სურეია ილმაზი, ეკრემ ბილგინი, მურსელ ალთუნი, ნურეთინ სანჯარი, იავუზ აკალთუნი და ოსმან თურანი, ყველა მათგანი ქართველია. საქართველოს მხარეს ფესტივალის ჩატარება მამაჩემს, ბატონ ოსმან თურანს და მე მევალებოდა. დღეს ეს ფესტივალი ძალიან პოპულარულია როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში. ის სამჯერ ტარდება: თავიდან, აგვისტოს პირველ კვირას, „გევრექ ფესტივალი“ ტარდება. შემდეგ, ართვინის ოლქში ბუღების, ანუ ჭიდაობის ფესტივალი და იმერხევში, შუამთობის ფესტივალი. ბოლო ორი უფრო ქართული ფესტივალია, სადაც ქართული ქორეოგრაფია და მუსიკალური ფოლკლორია წარმოდგენილი. კიდევ, მაჭახელის თაფლის ფესტივალი ტარდება.
– ვინ იღებდა მათში მონაწილეობას?
– ფესტივალზე, ორგანიზატორები, თურქეთიდან და საქართველოდან ვიწვევდით: მეცნიერებს, ფოლკლორიტსებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, კერძოდ, მოჭიდავეებს, ძველი ტრადიციებისა და კულტურის მოამაგე ხალხს ორივე ქვეყნიდან. ამაყი ვარ, რომ სხვებთან ერთად, ასეთ მნიშვნელოვან ტრადიციას ჩავუყარე საფუძველი და ეს ფესტივალი წლებია, რაც ტარდება. ჩემი და ამ ფესტივალის მიზანია ის, რომ ქართული კულტურა არ დავივიწყოთ.
– რომელიმე ემოციური ამბავი ხომ არ გახსენდებათ ფესტივალიდან?
– მახსოვს ერთ ფესტივალზე მწერალი, ცხონებული ოტია იოსელიანი მოვიწვიეთ. სიამოვნებით დაგვთანხმდა და ჩამოვიდა. მაშინ მას პირველად შევხვდი. ბატონმა ოტიამ მითხრა: დედაშენი გამაცანიო, იმ დროს დედა, დეა დავლაძე გვერდით მყავდა და გავაცანი. დედას უთხრა: ხელზე უნდა გაკოცოთო, მაგრამ მან უარი უთხრა: არ შეიძლებაო! მამაზე კი დედას ასე გაეხუმრა: ამ კაცს როგორ გაუძელითო? იმ დღეს, მე და ოსმან თურანმა, ცნობილი მწერალი და სხვა სტუმრები შაურმაზე დავპატიჟეთ და ისინი ძალიან ნასიამოვნები დარჩნენ.
– ამას გარდა, საქართველოში ცნობილია თქვენი, როგორც ექიმის საქმიანობა, სად დაეუფლეთ პროფესიას?
– ადამიანების დახმარება, ვფიქრობ, ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ და ეს პროფესიაც ამიტომ ავირჩიე. მომავალ პროფესიას საქართველოში დავეუფლე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩემ განათლებასა და განვითარებაში მამაჩემმა და ცნობილმა მწერალმა, გურამ ფანჯიკიძემ შეიტანეს დიდი წვლილი.
– ვიცი, რომ სწორედ ბატონმა გურამმა განსაზღვრა თქვენი სამომავლო უანგარო საქმიანობის არსი, ასეა?…
– გეთანხმებით. ის ყოველთვის მეუბნებოდა: შენ ორი ქვეყნის, საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სისტემებს შორის საყრდენი ხიდი იქნებიო. მისი სიტყვები დღემდე მახსოვს და ვცდილობ, რომ გავამართლო. თურქეთის სამედიცინო სფეროში მუშაობის დაწყების დღიდან ბევრი ქართველი ემიგრანტი პაციენტი შემხვდა. მათ შეძლებისდაგვარად და მართლაც, უანგაროდ ვეხმარები. ამ თემაზე საქართველოსა და თურქეთში შესაბამის სამსახურებთან აქტიური კონტაქტი მაქვს.
– როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე, რომელიც ქართველია?
– მომავალი მეუღლე მაშინ გავიცანი, როცა მამამ სასწავლებლად თბილისში ჩამომიყვანა. დღეს ბედნიერი ოჯახი გვაქვს და ორი შვილი გვყავს. ყველაზე მეტად მიყვარს ოჯახში ყოფნა, ასევე მეგობრებთან შეხვედრაც. კიდევ, თბილისში ჩამოსვლა მიყვარს, იმიტომ, რომ საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა.
თეონა გოგნიაშვილი