თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მასტერკლასს შვეიცარიელი ჰობოისტი, კომპოზიტორი მათიას არტერი ჩაატარებს
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, 24 ივლისს, 11:00 საათზე, კამერულ დარბაზში მასტერკლასს შვეიცარიელი ჰობოისტი, კომპოზიტორი მათიას არტერი ჩაატარებს.
ჰობოისტი და კომპოზიტორი მათიას არტერი სწავლობდა ციურიხში პეტერ ფუქსთან და თომას ინდერმიულესთან, ასევე ფრაიბურგში ჰაინც ჰოლიგერთან. მან სწრაფად მოიპოვა აღიარება, როგორც კამერული მუსიკის ვირტუოზმა შემსრულებელმა და თანამედროვე რეპერტუარზე სპეციალიზებულმა სოლისტმა. დღეს ის ასწავლის ჰობოის და კამერულ მუსიკას ბერნის მუსიკის უნივერსიტეტში, აგრეთვე ლუცერნის ფესტივალის აკადემიაში, არის ბაზელის კამერული ორკესტრისა და კოლეგიუმ ნოვუმ ციურიხის (CNZ) მთავარი ჰობოისტი.
გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობს რამდენიმე ანსამბლსა და პროექტს, როგორიცაა pre-art, CNZ და Many Many Oboes. იგი აქტიურად არის ჩართული ისტორიული ჩანაწერების საფუძველზე ინტერპრეტაციის მეცნიერული კვლევაში.
2009 წელს NEOS Records-ზე გამოვიდა მისი საავტორო დისკი, რომელიც მოიცავს 1993-2006 წლებში შექმნილ სოლო ნაწარმოებებს.
არტერის კომპოზიციები მოიცავს კამერულ, ვოკალურ და საორკესტრო მუსიკას. 2013 წელს მან დაწერა პირველი კონცერტი ლუპოფონისთვის — ჰობოის ახალი ბასვერსიისთვის, რომლის პოპულარიზაციაშიც ის აქტიურად მონაწილეობს.
მისი ერთ-ერთი უახლესი ნაწარმოები, „Aquarell on Bach’s Ricercar a 6“, შესრულდა ევროპის წამყვან საკონცერტო დარბაზში, როგორიცაა ბერლინის კონცერტჰაუსი, ვენის მუსიკფერაინი, ციურიხის ტონჰალე და კელნის ფილარმონია.
როგორც სოლისტმა (მაგალითად, ბაზელის კამერულ ორკესტრთან, CNZ-თან, Contrechamps-თან, ვენის Ensemble XXI. Jahrhundert-თან, I Tempi-სა და Lemanic New Ensemble-თან ერთად) მან მონაწილეობა მიიღო ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა ლუცერნის ფესტივალი, ზაგრების ბიენალე, Migros Classics, Festival Archipel, IRCAM პარიზში და World Music Days.
სოლისტის რანგში ის თანამშრომლობს შემდეგ ლეიბლებთან: ECM, Sony Classics, en avant records, Arte Nova, col legno და pre-art music.