თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პროფესორი ლუდვიგ კრისტიან ჰინსკე ეწვია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია აუგსბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის (გერმანია) ციფრული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ლუდვიგ კრისტიან ჰინსკე.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა ჰინსკემ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე – „ციფრული მედიცინა“. ლექციაზე გერმანელმა პროფესორმა მიმოიხილა თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენებას კლინიკურ პრაქტიკაში, მონაცემთა ანალიტიკაში, დიაგნოსტიკურ პროცესებსა და სამედიცინო განათლების ტრანსფორმაციაში.

„საჯარო ლექციამდე, პროფესორ ჰინსკეს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა უმასპინძლა.  შეხვედრაზე, რომელსაც თსსუ-ის ადმინისტრაციის წვრებიც ესწრებოდნენ, მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის: სტუდენტთა გაცვლის პროგრამების გაძლიერება; ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება და ინტერდისციპლინური კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავება.

შეხვედრას დისტანციურად ჩაერთო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი ექიმი გიორგი გრიგოლია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თსსუ-ისა და გერმანულ სამედიცინო წრეებს შორის წარმატებული და ხანგრძლივი თანამშრომლობის მნიშვნელობა“ , – ნათქვამია თსსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები