ნინო შელიამ გერმანიის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (Internationales Parliaments-Stipendium) მოიპოვა
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა ნინო შელიამ გერმანიის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (Internationales Parliaments-Stipendium) მოიპოვა და მიმდინარე სემესტრში გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგში) მუშაობს. პარალელურად, იგი ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში, ნინომ 2 თვის განმავლობაში გაიარა ინტენსიური თეორიული კურსი, რომელიც მოიცავდა გერმანიის კონსტიტუციურ სამართალს, ადამიანის უფლებებს, ქვეყნის ისტორიასა და კულტურას. კურსი შედგებოდა არა მხოლოდ ლექციებისა და სემინარებისგან, არამედ მოიცავდა ვიზიტებს სხვადასხვა ქალაქში და ექსკურსიებს გერმანიის ისტორიისა და კულტურისთვის მნიშვნელოვან ადგილებში.
ამ ეტაპზე, ნინო მუშაობს ბუნდესტაგის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში, სადაც იღებს მონაწილეობას კვლევითი დოკუმენტების მომზადებაში, ესწრება კომიტეტების, ფრაქციებისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს, პლენარულ სხდომებს და ყოველდღიურად ეცნობა გერმანული კანონმდებლობის პროცესს.