ფრანგული კინოს საზაფხულო საღამოები ღია ცის ქვეშ გრძელდება
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ კინოფესტივალზე „კინო ღია ცის ქვეშ“ – შესაძლებლობა გექნებათ უყუროთ სხვადასხვა ჟანრის ფრანგულ ფილმებს თბილისის შუა გულში, ღია ცის ქვეშ და რაც მთავარია, დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის მიზანია ფრანგული კინემატოგრაფიის სიმდიდრის წარმოჩენა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა მსურველისთვის. პროგრამაში წარმოდგენილია როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური ფრანგული ფილმები – დოკუმენტური კინო, ანიმაცია, დრამა და კომედიები, სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მაყურებლისთვის.
ფესტივალი “კინო ღია ცის ქვეშ” კინოთეატრ ამირანში, Cavea-ს მხარდაჭერით, 5 ივნისს, საზეიმოდ გაიხსნა.
არ გამოტოვოთ. მთელი ივლისის განმავლობაში ჩვენებები ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 20:30 სთ-ზე, საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიაზე, ხაზინის ქ. 4. ლოკაცია : https://shorturl.at/evgZk
ფილმები ნაჩვენები იქნება ფრანგულ ენაზე, ქართული ან ინგლისური სუბტიტრებით.
პროგრამაშია:
ხუთშაბათი, 3 ივლისი, 20:30 სთ : « ქართველების პარიჟი » – « სტუდიო მემორის » დოკუმენტური ფილმი, 2024.
სინოფსისი:
დოკუმენტური ფილმი ეძღვნება ქართული არისტოკრატიის იძულებით ოდისეასა და დამკვიდრებას საფრანგეთის მიწაზე, სადაც მათ, განსაცდელთან ერთად, აღიარებაც ელოდათ. ფილმში ემიგრაციის ზოგადი სურათი იკვეთება, ხუთი მაღალი წრის ქალბატონის, პოეტთა და მხატვართა აღიარებული მუზების – მერი შერვაშიძის, მელიტა ჩოლოყაშვილის, რიმა ერისთავის, ანა ჭავჭავაძისა და ლილია ზელენსკაიას ბიოგრაფიების ფონზე, რომლებიც მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში კოკო შანელის მოდელები იყვნენ.
ფილმი ნაჩვენები იქნება ქართულად.
ხუთშაბათი, 10 ივლისი, 20:30სთ : « დროებითი ურთიერთობის ქრონიკა » – ემანუელ მურეს ფილმი, 2022
ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად, ქართული სუბტიტრებით.
სინოფსისი:
მარტოხელა დედა და ცოლიანი მამაკაცი სასიყვარულო ურთიერთობაში ებმებიან. მათ პირობა დადეს, რომ ერთმანეთს სიყვარულისა და სამომავლო გეგმების გარეშე, მხოლოდ დროებითი რომანისთვის შეხვდებოდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაკვირვებულნი არიან მათი ურთიერთგაგებით, სიახლოვითა და ერთად კარგად ყოფნით.
ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=_AS6MRoyu24
ხუთშაბათი, 17 ივლისი, 20:30სთ : « ჯიბის ფული » – ფრანსუა ტრიუფოს ფილმი, 1976
ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად, ქართული სუბტიტრებით.
სინოფსისი:
ტიერში, პუი დე დომის რეგიონში, ბავშვების ნაწილი სასწავლო წლის ბოლო კვირებს ითვლის და მოუთმენლად ელოდება არდადეგებს: ბრუნო, პატრიკი, ლორანი, მატიე და ფრანკი, რომ აღარაფერი ვთქვათ მარტინაზე… თითოეული მათგანი თავიანთი ტემპით ცხოვრობს და სულს ჰბერავს სოფელს, რომელშიც ორი მასწავლებელი ქალბატონი პეტი და ბატონი რიშე, შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობენ, სასკოლო ბანაკის თარიღების მოახლოებასთან ერთად, მათი ყურადღების მიპყრობას.
ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=FR3G5nyo3Po
ხუთშაბათი, 24 ივლისი, 20:30სთ: « თქვენი სახეები ყოველთვის მემახსოვრება » – ჟან ანრის ფილმი, 2023
ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად, ქართული სუბტიტრებით.
სინოფსისი:
2014 წლიდან, საფრანგეთში, აღდგენითი მართლმსაჯულების ქვეშ მსხვერპლებსა და მოძალადეებს უსაფრთხო გარემოში დიალოგის შესაძლებლობა ეძლევათ. ჟუდიტი, ფანი ან მიშელის მსგავსი პროფესიონალებისა და მოხალისეების ზედამხედველობის ქვეშ, ნასიმი, ისა და ტომა, გასამართლებულები ძალადობრივი ყაჩაღობისთვის, გრეგუარი, ნაველი და საბინი, სახლის გატეხის, ძარცვისა და ქურდობის მსხვერპლები, ასევე კლოე, ინცესტური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ერთიანდებიან აღდგენითი მართლმსაჯულების ფარგლებში. მათი ისტორიებში არის ბრაზი და იმედი, დუმილი და სიტყვები, კავშირები და ჭრილობები, სინდისის ქენჯნა და ხელახლა მოპოვებული ნდობა… და გზის ბოლოს, ზოგჯერ, ახალი შანსი…
ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=YecNA3DW334
ხუთშაბათი, 31 ივლისი, 20:30სთ: « ამა გლორია » – მარი ამაშუკელის ფილმი, 2023
ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად, ქართული სუბტიტრებით.
სინოფსისი:
კლეო მხოლოდ ექვსი წლისაა. სიგიჟემდე უყვარს გლორია, ძიძა, რომელიც მას დაბადებიდან ზრდის, მაგრამ გლორიას სასწრაფოდ უწევს კაბო ვერდეში, საკუთარ შვილებთან დაბრუნება. სანამ გლორია წავა, კლეო მას ერთი პირობის შესრულებას სთხოვს: რაც შეიძლება მალე ნახოს იგი. გლორია კლეოს საკუთარ ოჯახში, კუნძულზე, ზაფხულის გასატარებლად ეპატიჟება.
ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=-nNbnZNy4Gc