„ციცინათელას“ პარკი განახლების შემდეგ გაიხსნა

შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ განახლების შემდეგ გაიხსნა. პარკი 2025 წლის სეზონისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. „Starring Georgia-ს“ მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, განახლდა არა მხოლოდ ტექნიკური ნაწილი, არამედ შეიცვალა „ციცინათელას“ კონცეფციაც. ამიერიდან საქართველოს ყველაზე ჯადოსნურ გასართობ პარკში მისული ბავშვები ნამდვილ ზღაპარში იმოგზაურებენ და თავგადასავლებით სავსე დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებენ.

რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, პარკში სრულად განახლდა და შეიღება გარე და შიდა ფასადები; განახლდა შემოსასვლელები და სალაროები; შეიცვალა ატრაქციონების დეტალები, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა რამდენიმე ატრაქციონს, შეიღება ატრაქციონების ჯებირები; განახლდა და ტენტით დაიხურა მოსაცდელი ზონები; განახლდა ატრაქციონების ოპერატორების ჯიხურები; სრულად აღდგა დინოზავრების პარკი; ახალი კონცეფციით, სრულად განახლდა კვების ობიექტები; კარტინგების ზონას დაემატა ახალი ტრიბუნა და ახალი მანქანები; პარკში დაირგო ახალი მცენარეები, რომლებმაც უფრო დიდი და მასშტაბური გამწვანება შექმნეს; გამწვანების ნაწილის გარშემო, ჯამში, 2 ათასი მეტრის სიგრძეზე მოეწყო სპეციალური დეკორატიული მოაჯირები; რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს; განახლდა ლამპიონები; აშენდა ახალი, კეთილმოწყობილი მოსაწევი ზონები; განახლდა ნაგვის ურნები; დასუფთავდა და განახლდა სველი წერტილები; გამკაცრდა პარკის უსაფრთხოების ზომები.

„Starring Georgia-ს“ მენეჯერის, ციცი იაშვილის თქმით, პროექტზე მაქსიმალურად დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა.

„განსაკუთრებით მიხარია, რომ გამოჩნდნენ ახალი, ნიჭიერი ადამიანები, რომლებმაც, საკუთარი ხელით, საოცრად მოხატეს ჩვენი პარკი. გარემო, რომელიც მათ შექმნეს, უნიკალურია და სხვაგან ვერსად შეგხვდებათ. სწორედ ადგილობრივი კადრებით დავაკომპლექტეთ ციცინათელას გუნდიც, რომელმაც სპეციალური გადამზადება გაიარა.

მუშაობის პროცესში ვცდილობდით, რომ გადაგვერჩინა და გადაგდების ნაცვლად, მეორადი გამოყენება მოგვეძებნა არსებული ნივთებისა თუ მასალებისთვის,“ — ამბობს „Starring Georgia-ს“ მენეჯერი ციცი იაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნადაა შეცვლილი პარკით სარგებლობის წესები, მაგალითად: მოწევა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ზონებში; ოთხფეხა მეგობარს, რომელიც 7 კილოგრამს აღემატება, აუცილებლად უნდა ეკეთოს ალიკაპი; პარკში არ დაიშვებიან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები; ორსულებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის არ არის რეკომენდებული გარკვეული ატრაქციონები — თითოეულ ატრაქციონთან სტუმრებს დახვდებათ აბრა, რომელზეც დატანილი იქნება კონკრეტული აკრძალვები და შეზღუდვები. ამ ინფორმაციის გაცნობა და მისი გათვალისწინება აუცილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები