სიღნაღში ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
28 ივნისს, 19 საათზე, სიღნაღში, სახალხო არტისტის, რუსთაველისა და ფალიაშვილის პრემიების ლაურეატის, კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება, ხოლო ბულვარში მისი ბრინჯაოს ბიუსტი (მოქანდაკე – მერაბ მერაბიშვილის მაკეტით) დაიდგმება.
ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილის სტატუსს აქვეყნებს.
„დიდია ბიძინა კვერნაძის ღვაწლი ქართული კულტურისათვის.საფორტეპიანო კონცერტების, კანტატების, ვოკალურ-სიმფონიური პოემების, საფორტეპიანო პიესებისა და სიმღერების გვერდით მის შემოქმედებაში, დიდი ნიშა ქართული ფილმებისა და სპექტაკლების მუსიკალურად გაფორმებას ეკუთვნის. ფილმები: „შეხვედრა მთაში” (რეჟისორი – ნიკოლოზ სანიშვილი), „ნატვრის ხე” (თენგიზ აბულაძე), „ნეილონის ნაძვის ხე” (რეზო ესაძე), ,ქალაქი ადრე იღვიძებს” (სიკო დოლიძე), ,,განაჩენი” (ლევან ხოტივარი), „დათა თუთაშხია” (გ.ლორთქიფანიძე)…შესანიშნავი სპექტაკლები:„ჭინჭრაქა”, „ზაფხულის ღამის სიზმარი”, ,,ყვარყვარე”, „სირანო დე ბერჟერაკი”, „დარისპანის გასაჭირი, „ამბავი სიყვარულისა” (ორმოცამდე ფილმი და სპექტაკლია).
ქართული კულტურის კიდევ ერთ დიდ წარმომადგენელს მიეგება ხსოვნა და პატივი. სიღნაღის ბულვარი კი ის ადგილი იქნება, სადაც ახლა და შემდეგში, ქვასა და ბრინჯაოში გარდასახული ყველა დიდი და სახელოვანი ქიზიყელი მოიყრის თავს“, – წერს ნოდარ პაპუაშვილი.