მწერალთა სახლში მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ჯონ უილიამ ნარინსთან
17 ივნისს, 19 საათზე მწერალთა სახლში მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ჯონ უილიამ ნარინსთან.
შეხვედრის შემდეგ ამერიკელი მწერალი, პოეტი და მთარგმნელი აუდიტორიისთვის პოეტური თარგმანის მასტერკლასს ჩაატარებს.
„ჯონ უილიამ ნარინსი – ამერიკელი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, ხელოვნებათმცოდნე და ლიტერატურის მკვლევარი ასწავლიდა ლიტერატურას, თარგმანის თეორიას, ხელოვნებისა და კულტურის ისტორიას მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ უნივერსიტეტში. კურირებდა ფერწერისა და ფოტოგრაფიის სამუზეუმო გამოფენებს.
ჯონ ნარინსის მიერ ინგლისურ ენაზე თარგმნილია რუსული ლიტერატურის „ოქროს ხანის“, ადრეული მე-20 საუკუნისა და თანამედროვე პოეზიის ნიმუშები.
ქართველ პოეტ, მწერალ და მთარგმნელ ნენე გიორგაძესთან ერთად თარგმნა კარლო კაჭარავას ლექსები.
ჯონ ნარინსის მიერ თარგმნილი ლექსები სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა დასავლურ ლიტერატურულ გამოცემებში: Poetry Magazine, The Best American Poetry, The Wall Street Journal, The Calvert Journal, The St. Petersburg Review, Pratik, The Read Russia Anthology.
იგი უძღვებოდა თანამედროვე პოეზიის შესახებ პოპულარულ სემინარებს და საერთაშორისო მთარგმნელობით პორტალს Litera-Globus.
ჯონ ნარინსი არის სტატიების ავტორი და კონსულტანტი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში – The Dictionary of 21st Century Culture, რომელიც მიზნად ისახავს მიმდინარე ეპოქის კულტურული ფენომენებისა და ტენდენციების გაშიფვრას“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.