ულამაზესი ფოტო-ნოველები და კადრში „აღმოჩენილი“ უჩვეულო ამბები

როცა მის გადაღებულ კადრებს, შეიძლება ითქვას, ფოტო-ნოველებს ეცნობი, ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი მოყვარული ფოტოგრაფის გადაღებულია. 29 წლის ბათუმელი გიგა ქოქოლაძე პროფესიით ლოჯისტიგადაზიდვების და ორგანიზაციების მართვის სპეციალისტია.

მისი ფოტო-ისტორიების ათვლა 2017 წლიდან იწყება. პირველად გადაღებული კადრი არ ახსოვს, მაგრამ პირველ ფოტოგამოფენაზე, რომელიც შარშან, ბათუმში, თავისუფალი ხელოვნების სივრცეში გაიმართა, თავისი ფოტო-ესტეთიკით თავი ბევრს დაამახსოვრა. უფრო ხშირად მისი ფოტოების მთავარი „პერსონაჟი“ ზღვა არის. სპონტანურად გადაღებული თუ წინასწარ ჩასაფრებული კადრების მიღმა მოულოდნელი ამბები იმალება…

– გიგა, თქვენი ფოტოები განსაკუთრებული ესტეთიკით გამოირჩევა. ისინი, ფაქტობრივად, ფოტო-ნოველებია, თავად თუ აღიქვამთ ასე?

– დიდი მადლობა. ზოგადად, ვთვლი, რომ არა მხოლოდ ჩემი, ნებისმიერი კარგი ფოტო, თავისთავად, ნოველაა, ოღონდ, სიტყვების გარეშე. ვიზუალური სიამოვნების მიღებაც ისეთივე სასიამოვნოა, როგორც კარგი ნოველის, ან ნებისმიერი ნაწარმოების წაკითხვა. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი გადაღებული კადრებით რაღაც ამბავი მოვყვე…

– როგორც ვიცი, ბავშვობაში მხატვარი გინოდათ გამოსულიყავით და ეს აშკარად ეტყობა თქვენს ფოტოებს…

– დიახ, ძალიან მინდოდა ხატვა შემძლებოდა ისე, როგორც ნახატს გონებაში წარმოვიდგენდი. თუმცა ამის სათანადო უნარი არ მქონდა, ამიტომაც გადავწყვიტე, ფუნჯი ფოტოკამერით ჩამენაცვლებინა.

– თუ გახსოვთ, თქვენი ფოტო-ნოველების ათვლა რომელი კადრით დაიწყო?

– პირველი კადრი ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ის, რომ დასაწყისში, ძალიან ბევრს და ყველაფერს ვიღებდი. ბევრ შეცდომასაც ვუშვებდი. თუმცა, ვთვლი რომ, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან შეცდომას თუ არ დაუშვებ, ვერც განვითარდები.

თქვენს ფოტოამბებში უფრო ხშირად მთავარი „პერსონაჟი“ ზღვა არის. როგორც ჩანს, ამ სტიქიისადმი თქვენი დამოკიდებულება განსაკუთრებულია…

– კი. ზღვას ხშირად ვიღებ. ალბათ, როგორც ყველა ბათუმელისთვის, მთავარი ინსპირაციის წყარო, სწორედ ზღვაა და შესაბამისად, არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემი სტიქია ასევე წყალია, მის მიმართ განსაკუთრებული მიზიდულობა მაქვს.

– ისეთ კადრებს იღებთ, რომ მაინტერესებს, ფილმების გადაღებაზეც ხომ არ გიფიქრიათ?

– ფილმების გადაღება საკმაოდ შრომატევადი და რთულია, ამაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია. თუმცა ბოლო წელია  ვიდეოს მიმართულებითაც დავიწყე მუშაობა, რაც ამ ეტაპზე, მხოლოდ დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს მოიცავს.

– დიდი მოწონება ხვდა მთვარეში „გახლართულ“ თვითმფრინავის მისტიკურ ფოტოს…

– მაგ კადრის გადაღება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. უბრალოდ, იმ დროს მთვარეს ვიღებდი და შევამჩნიე, თვითმფრინავი მას როგორ უახლოვდებოდა. მაშინ გავიფიქრე, ნეტავ, მთვარეს გადაეფაროს და ისე გადაიფრინოს მეთქი. ალბათ პილოტმა ჩემი სურვილი „გაიგონა“ და მთვარის ფონზე ზუსტად მის ცენტრში გადაიფრინა… ასეთებიც ხდება ხოლმე…

– ანუ ეს არ იყო ერთადერთი უჩვეულო კადრი?

– დიახ, იყო კიდევ ერთი მოულოდნელი კადრი, როცა ზღვის ფონზე ჭექა-ქუხილს, ელვას ვიღებდი. სახლში დაბრუნებულმა, ერთ-ერთ კადრში, ჭექა-ქუხილის ფონზე, ზღვაში ფეხებით შესული, სულიერი მოძღვარი დავინახე. ის კამერაში, პატარა ეკრანზე არ შემიმჩნევია და როდესაც კომპიუტერში „აღმოვაჩინე“, ძალიან გამიხარდა. ეს კადრი დღემდე ძალიან მიყვარს.

– პორტრეტების გადაღება არ გიცდიათ?

– ადამიანების გადაღება ჩემთვის ძალიან რთულია, რადგან  უმეტესობას უნდა, რომ ფოტოზე უბრალოდ ლამაზი ჩანდეს, რაც ჩემთვის სრულიად ლოგიკური და მისაღებია. თუმცა ვფიქრობ, რომ პორტრეტში კარგი ფოტოგრაფი ემოციასა და ადამიანის შინაგან მდგომარეობას უნდა გადმოსცემდეს. პორტრეტების სერიაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ, თუმცა სამომავლოდ არ გამოვრიცხავ…

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები