ყველაფრიზმის არსი, “შეუცნობელში გადასვლა” და ფილმი მარადიულ გენიაზე
ამ ეპატაჟური, არა–ნორმალურად ნიჭიერი ადამიანის ჭკუისმიღმურმა („ზაუმურმა“) აზროვნებამ ბევრად გაუსწრო დროს და საოცარი სიგიჟეები ჩაადენინა. აკადემიურ ჩარჩოებს არ აღიარებდა და დამკვიდრებულ სტერეოტიპებსაც უცერემონიოდ ამსხვრევდა. ალბათ ამიტომ და იმიტომაც, მასზე წერა, საუბარი და სიუჟეტის მომზადებაც კი, ცოტა არ იყოს, სარისკო და რთულია…
პროექტის პროდიუსერი, ავტორი და წამყვანი, ბერდია კუტუბიძე, ამ თავისებურ ავანტიურაზე მაინც წავიდა. წავიდა და მისმა ინტუიციამ და მცდელობამაც გაამართლა. ამის დასტურია ილია ზდანევიჩზე გადაღებულ მის დოკუმენტურ ფილმზე „მარადიულნი: ყველაფრიზმი“ დაწერილი აღფრთოვანებული რეცენზიები და გამოხმაურებები. ასევე, ის გულწრფელი, ხანგრძლივი აპლოდისმენტები, რაც 9 ივნისს, კინოთეატრ “ამირანში” ფილმის საფინალო ტიტრების დაწყებისთანავე აუდიტორიისგან დაიმსახურა.
მაყურებელი კი სწორედაც გამორჩეული იყო – საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროში წარმატებული პიროვნებები, ხელოვანები, ლიტერატორები და რეჟისორები.
პოლონური წარმოშობის ქართველი ილია ზდანევიჩი, იგივე ილიაზდი, ერთდროულად ბევრი ადამიანი იყო: მხატვარი, ფუტურისტი, მწერალი, პოეტი, მკვლევარი, პუბლიცისტი, დრამატურგი, დიზაინერი, კრიტიკოსი, ისტორიკოსი, ტიპოგრაფი, ლექტორი, რედაქტორი და მკვლევარი. ამიტომ ბერდიასაც ერთდროულად ბევრი ფუნქციის შესრულება მოუწია. ბოლოს, ფილმის მთხრობელის როლიც არაჩვეულებრივად მოირგო და თავისი ნამუშევრით ნებსით თუ უნებლიედ, ალბათ თანამედროვე „ყველაფრიზმის“ ღირსეულ მიმდევრებშიც ჩაეწერა…
– ბერდია, გილოცავთ წარმატებულ პრემიერას, რამდენად კმაყოფილი ხართ?
– თვითკმაყოფილება არ მჩვევია, უბრალოდ ვიცი, რომ ამ მოცემულობაში მაქსიმუმი გავაკეთე, კმაყოფილი კი, ვარ! – ჩემი მეგობრებით, რომლებიც თბილისში ჩვენების ორგანიზებაში 24/7-ზე მეხმარებოდნენ. მინდა პერსონალურად გამოვყო: ქეთი ხოსიტაშვილი, ირინა ცერცვაძე, ლიკა ელიავა, ქეთი ტორონჯაძე, განსაკუთრებული მადლობით: ნინო ჯაჯანიძე, გიორგი თაბუნიძე, სპეციალური მადლობით კოლეგები: ეკა შაინიძე, ვახო ხუზმიაშვილი, ლალი ბერძენიშვილი.
– მკითხველს შევახსენოთ, რომ ფილმის პირველი, დახურული ჩვენება 2024 წლის 9 ივნისს ბათუმში გაიმართა…
– დიახ, ჩვენი „ყველაფრიზმი“ ბათუმური პრემიერიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 9 ივნისს, თბილისს ვუჩვენეთ. სამზადისი არ იყო მარტივი, უმოკლეს დროში დაიგეგმა, თუმცა ისევე როგორც სოციალურ ქსელში, იქ მყოფი სტუმრების აღმატებული და დადებითი შეფასება მიიღო…
– როგორც ჩანს, მთავარი გმირის ცხოვრება და პიროვნება საკმაოდ კარგად შეისწავლეთ, რადგან ფილმში მასზე არსებული სრული ინფორმაციაა მოქცეული.
– ილიაზდის ფენომენი იმდენად მრავალწახნაგოვანია, რომ მე ჯერ კიდევ ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე მყავს შესწავლილი. ვინაიდან, როგორც ფრანსუა მერემ (ილიაზდ-კლუბის პრეზიდენტმა და ზდანევიჩის მემკვიდრემ) განაცხადა: „ყოველ ჯერზე, როდესაც ახალ საქაღალდეს ვხსნით, თითქოს, ახალ ნივთს აღმოვაჩენთ… ეს იყო ილიაზდი!“
– რამდენი ხანი დაგჭირდათ საიმისოდ, რომ საჭირო მასალები შეგეგროვებინათ და გადაღება დაგეწყოთ?
– ფილმში თითოეული გეოლოკაცია და გადაღების წელი მითითებულია. პირველი სცენა 2019 წლით თარიღდება, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება პანდემიამ გააჭიანურა. ვფიქრობ, სასიკეთოდ, რადგან, ამ „ქრონოლოგიურმა თამაშმა“ სულ სხვა ელფერი შესძინა საბოლოოდ პროექტს. პოსტპანდემიური პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევა-ძიება საქართველოს ეროვნულ არქივში, ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის არქივში, ლიტერატურის მუზეუმში, ილიაზდ-კლუბის არქივში. ფილმში გამოყენებულია მასალა კერძო პირთა კოლექციებიდან. აქვე, უღრმესი მადლობა თითოეული უწყების თანამშრომლებს იდეალური თანამშრომლობისთვის.
– საქართველო, ბელგია, იტალია, საფრანგეთი, ფილმის გადაღების ადგილებია. ფაქტობრივად, ილიაზდის გზა გამოიარეთ. როგორია გადაღების დროს მხოლოდ თქვენ მიერ „აღმოჩენილი“ იდუმალი გენია?
– მისი გენია? – შთამაგონებელი, მომნუსხველი, ჯადოსნური, უკიდეგანო… რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებდი, მით უფრო რთულდებოდა წარმოსახვაში სამომავლო ეტაპები: ამბების გაფილტვრა, ტექსტსა და სცენარზე მუშაობა, გადაღების სპეციფიკა, მომდევნო ეტაპები და ფინალი პერსპექტივაში…
– ფილმი საკმაოდ ემოციურია და როცა უყურებ იმის განცდა გიჩნდება, თითქოს ცოცხალ წიგნს კითხულობ, ამაში კი თქვენი, როგორც კარგი მთხრობელის დამსახურებაცაა…
– ფილმში აღწერილი ბიოგრაფიული ისტორიები იმდენად მრავალფეროვანია, სხვადასხვაგვარია, ვფრთხილობდი მაყურებლის ყურადღება არ დაგვეკარგა, შესაბამისად სტუდიური ჩანართები, ამონარიდები ინტერვიუებიდან და სიუჟეტური ფორმით გადმოცემული ამბები ამ გარემოებამ განაპრობა. ამასთან შავ-თეთრისა და ფერადის ცვალებადობა, სტილი, სიმბოლიზმი ალეგორიულად ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან…
– ცალკე აღნიშვნის ღირსია ოპერატორის საოცარი ნამუშევარი…
– გიორგი შკუბულიანი – უნიჭიერესი ადამიანია მრავალი თვალსაზრისით. ოპერატორული ნამუშევრის გარდა მას ეკუთვნის ფერთა კორექცია, ნაწილობრივ მონტაჟიც. მინდა აღვნიშნო ფილმზე მომუშავე ჩემი სხვა მეგობრებიც, რომელთა ფუნქცია მარტო ამ კონკრეტული პროექტით არ შემოიფარგლება. ეს ნამუშევარი მათ “ყველაფრიზმს” ცხადყოფს. მაგ: გიორგი მურვანიძეზე ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ მონტაჟის რეჟისორი და მემონტაჟეა, მან სულ სხვა კუთხით დამანახვა ჩემივე იდეა და დამაფიქრა ამ პროექტის ღირებულებაზე. ჩანაფიქრი იდეალურად შეავსო დიზაინ-გრაფიკოსებმა, გიორგი ხომერიკმა, მამუკა ღლონტმა, გიორგი ზინკოვსკიმ; უმნიშვნელოვანესი იყო ირაკლი ყაჭეიშვილის ხედვა და მისი წვლილი. ტექნიკურმა გუნდმა იმუშავა იდეალურად. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი სამსახურის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე ვერაფერი შედგებოდა. ამასთან, “ყველაფრიზმზე” იმუშავეს ადამიანებმა, რომლებიც სულაც არ არიან “აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” თანამშრომლები: სოსო ელისაშვილი, ხათუნა ქორიძე, ავთანდილ ვადაჭკორია, ჯულიეტა ფილია… ვემადლიერები ყველას ერთად და ცალ-ცალკეც.
– გადაღების დროს რაიმე გაუთვალისწინებელი, უჩვეულო ამბავი ხომ არ მოხდა, ანუ რამაც 41 გრადუს შეუცნობელში გადასვლა „გაგრძნობინათ“?
– მე არ ვარ ხელოვნებათმცოდნე, თემის შესწავლისას და კვლევის საწყის ეტაპზე უკვე ვიგრძენი ე.წ. “შეუცნობელში გადასვლა”, ისევე როგორც ჩემმა გუნდმა და მეგობრებაც კი, რომლებთანაც ყოველდღიურობა მაკავშირებს. ისე არ გავიგოთ, რომ ყველაფერი მარტივად და ლანგარზე მორთმეული გვქონდა, იყო დაბრკოლებები, ხელის შემშლელი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორები, თუმცა ნებისმიერი წინააღმდეგობა დაძლევადია, რადგან პირიქით სტიმულს გაძლევს და უფრო მეტი ენერგიითა და შემართებით გმუხტავს.
– ფილმი მთავრდება ილიასადმი მიწერილი ჟან კოქტოს ფრაზით და ტიტრით, რომ პროექტი ეძღვნება გარდაცვლილი კოლეგების ხსოვნას, ანუ მათ, ვინც ვარსკვლავური გზა გაიარა?
– ალეკო თხილაიშვილი, ალეკო აბაშიძე… ჩემი ყოველდღიურობა, ჩემი შთამაგონებელი ადამიანები იყვნენ, ორივე ამ ფილმზე მუშაობის პერიოდში დავკარგე… ბანალურად ჟღერს, მაგრამ თითოეული ადამიანი ვარსკვლავია, გააჩნია როგორ განავითარებს საკუთარ თავს სულიერად, თუნდაც ფიზიკურად, მენტალურად. რამდენად მტკიცე იქნება მისი ნებისყოფა იდეისთვის ბრძოლაში, შრომისმოყვარეობა მიზნისკენ სწრაფვის ურთულეს გზაზე. ამასთან, რაც უმნიშვნელოვანესია, რამდენად შეძლებს დაინახოს და აღიაროს სხვისი ნიჭი და წაახალისოს ადამიანი, საჭირო დროს. ამ საუბარს ჩემი მეგობრის, უნიჭიერესი კაცის, ლუკა სალუქვაძის მიერ ბოძებული რეცენზიის საფინალო ფრაზით დავასრულებ: “ყველაფერი უნდა დაიწეროს ისე, თითქოს პირველად იწერება“. ამ ფილმშიც კადრი, ხმა და დუმილი, პირველად იწერება…”
თეონა გოგნიაშვილი